საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 -ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ადგენს, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან. ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და უზენაეს სასამართლოს.
დასკვნას ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრი“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი სექტემბრის დასაწყისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, რასაც საფუძვლად პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საგარეო ვიზიტები დაედო, რომლებზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.