ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "რუსულ კანონზე" განმწესრიგებელი სხდომა დაასრულა.
"განმწესრიგებელი სხდომა კონსტიტუციურ სარჩელებზე დამთავრებულია. სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს დამატებით ეცნობებათ", - თქვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, როდის გამოაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.
კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები დღეს მოსამართლეების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდნენ.
სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:
1. პრეზიდენტი;
2. 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია;
3. 38 ოპოზიციონერი დეპუტატი;
4. ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).