2024 წლის იანვრ-თებერვლიდან თბილისის ზღვაზე მინი ქალაქი Green City-ის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო განაშენიანების რეგულირების გეგმა მომზადდება, სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი კი სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება.
როგორც პროექტის ინვესტორმა, „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა, მწვანე ტექნოლოგიებზე გათვლილი, „საკურორტო მინი ქალაქი“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7-8 წლიან პერსპექტივაში გაშენდება.
საუბარია 110 ჰა ტერიტორიაზე, რომლის დაახლოებით 60%-ზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის, 40%-ზე კი ტერასული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მოწყობა იგეგმება. პროექტი საჯარო ინფრასტრუქტურის - გზების, საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოს, სავაჭრო და ბიზნესცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.
გიორგაძე ამბობს, რომ ქალაქის მცხოვრებლები მათთვის საჭირო ელექტროენერგიას, ქარისა და მზის ელექტროსადგურების გამომუშავების შედეგად მიიღებენ.
„ეს პროექტი ხდება აბსოლუტურად რეალისტური, საბედნიეროდ მრავალწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები მთავრდება, პირველი ეტაპი როგორც იტყვიან, ფინიშში გადის. ვფიქრობ, რომ 2024 წელი იქნება გარდამტეხი წელი სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დაიწყება ქალაქის ხელმძღვანელობასთან და საპარტნიორო ფონდთან შეთანხმებით აქტიური მოძრაობები შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან კარგი პროექტი იქნება რეალიზებული. თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტები ითხოვს ბევრი დეტალის გავლას, შემოწმებას, შეთანხმებას. ეს მინი ქალაქის მშენებლობაა და აქ ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული იმისთვის, რომ არა ბეტონის ქალაქი, არამედ ს 21-ე საუკუნის ქალაქი გამოვიდეს, სადაც მწვანე, სმარტ ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.
მხედველობაში მაქვს სკოლები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრები, საავადმყოფოები, დასასვენებელი ზონები, მწვანე პარკები. იანვარში ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დავიწყებთ კონკრეტულად გენერალური რეგულირების გეგმაზე მუშაობას და შემოდგომამდე უკვე პირველ მშენებლობებს დავიწყებთ. გავაჩენთ უნიკალურ ქალაქს, რომელიც ვფიქრობთ რომ უნდა გადაიქცეს რეგიონის სავიზიტო ბარათად.
გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს დავუბრუნეთ 144 ჰა, ანუ 60%-ზე მეტი იმის გამო, რომ ის მიახლოებული იყო სანაპირო ზოლთან. თბილისის ზღვა არის ქალაქის მთავარი არტერია წყლის მომარაგების მხრივ და ცხადია, ეს უნდა იყოს დაცული, ამიტომ ზევით გადავიწიეთ, ნაძალადევის მხარეს. განაშენიანება იქნება 110 ჰა მიწაზე, სადაც 60 ჰა გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, პარკები, გზები, კომუნიკაციები, ობიექტები და 50 ჰა-მდე იქნება ის, სადაც იქნება განაშენიანება. ბევრ ადგილას ეს იქნება ტერასული. პრინციპულად უარი ვთქვით მაღალი განაშენიანების ინფრასტრუქტურაზე, 5-6 სართულზე ზევით არ წავალთ. გვინდა, რომ ქალაქმა შეუნარჩუნდეს ხედები, განაშენიანება იქნება ისეთი რომ ყველა კორპუსს შორის იქნება დიდი ფართი გამწვანებისთვის, დასასვენებელი ზონებისთვის. ეს უნდა იყოს საჩვენებელი კურორტი ქალაქში. გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური მასალები, აქტიურად გამოვიყენებთ მზის და ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიას. გვინდა, რომ 70% ელექტროენერგიისა თვითონვე შექმნას ქალაქმა. ყველა თანამედროვე ტექნოლოგია იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სიმშვიდე.
7-8 წლის განმავლობაში ეჭვი არ მეპარება რომ ეს გამართული სახით იქნება და ვიტყვი, რომ ნადვილად გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა. 500 მლნ ევროზე მეტი იქნება ინვესტიცია, იმიტომ რომ გაიზარდა სამშენებლო მასალების ღირებულება და დავამატეთ არაერთი ახალი ტექნოლოგია,“ - განაცხადა გიორგაძემ.
„მწვანე ქალაქის“ პროექტთან ერთად ინვესტორი „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც გეგმავს. 2024 წლის დასაწყისიდან სანაპიროზე იგეგმება 700 მ სიგრძისა და 20 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა.
„ჯინო ფერედაისის“ მიმდებარედ არსებობს გრგ, რომელიც ითვალისწინებს მის განვითარებას. უნდა აშენდეს სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი, აპარტამენტის ტიპის სასტუმროები, დიდი საკონფერენციო, საბანკეტო დარბაზები, სანაპიროზე გაკეთდება დიდი ,700 მ სიგრძის, 20 მ სიგანის სასეირნო ტერიტორია, სადაც ყველას შეეძლება სეირნობა. იქნება ბუტიკები, კაფე-ბარები, გასართობი სივრცეები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა მოიწონა ეს პროექტი და მომავალი წლის თებერვლიდან ვაპირებთ მშენებლობის დაწყებას. საუბარია აკვა პარკის გარშემო ტერიტორიაზე, რომელსაც შემდეგ წამოეწევა ის დიდი ქალაქის პროექტიც,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ნოდარ გიორგაძემ.