“პრეზიდენტი კლასიკური პოლიტიკოსია, მისი ნაბიჯები კი ვაჟკაცური და პოლიტიკურია“, - ასე აფასებს BMG- თან ბიზნესმენი თემურ ჭყონია, პრეზიდენტის ვიზიტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, ქვეყანაში ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელსაც კლასიკური პოლიტიკური განათლება აქვს მიღებული და არის კლასიკური დიპლომატი, ეს სალომე ზურაბიშვილია.
“ჩემი შეფასებით, ერთი ადამიანი გვყავს კლასიკური პოლიტიკური განათლებით, კლასიკური პოლიტიკური ბიოგრაფიით, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობს როგორც პოლიტიკოსი. ქვეყანაში ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელსაც კლასიკური პოლიტიკური განათლება აქვს მიღებული და არის კლასიკური დიპლომატი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. პოლიტიკაში კი არ უნდა მოხვიდე, პოლიტიკა უნდა ისწავლო, თორემ მოსვლას რა უნდა. პოლიტიკოსი უნდა გახდე, ცოდნით და არა სიით. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი დღეს რა ნაბიჯსაც დგამს, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ეს არის ვაჟკაცური და პოლიტიკური ნაბიჯები, რასაც ის აკეთებს.
ინფორმაციისთვის, მმართველმა ძალამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. "ქართულმა ოცნებამ" მიზეზად, საზღვარგარეთ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ შეხვედრები დაასახელა და ამბობს, რომ მთავრობას მისთვის ამის უფლება არ მიუცია.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და ერთი თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.
თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.