მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა ისეთი ზიანი, როგორიც არცერთ პრეზიდენტს არ მიუყენებია - პაპუაშვილი

ზურაბიშვილი პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა ისეთი ზიანი, როგორიც არცერთ პრეზიდენტს არ მიუყენებია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ახალ პრეზიდენტს "მძიმე მემკვიდრეობა დახვდება".

"ერთადერთი ნუგეში, რაც გვაქვს არის ის, რომ რამდენიმე დღე, რაც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, რაიმენაირად ისე გავატაროთ, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ამ ფაქტორს, შემდეგ ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ ფუნქციას. ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება - ქალბატონმა სალომემ დააზიანა ინსტიტუტი, „ენჯეოების“, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი აქტორის წაქეზებით და დახმარებით. ამ ზიანის აღმოფხვრას გარკვეული დრო დასჭირდება. მან ფაქტობრივად ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, როგორიც არცერთ პრეზიდენტს არ მიუყენებია საკუთარი თავზეხელაღებული ქცევით.

დაიგულა რა თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ და უცხოელებისგან, რომ დაუსჯელი იქნებოდა კონსტიტუციურად, ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელს იღებს კონსტიტუციაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა მომდევნო კვირის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში იქნება.

"რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თარიღის ჩანიშვნის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება, ამ 300 წევრში არის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოცი წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დანარჩენი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს არჩევნებში მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც ადგენს ცესკო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები