„წელს სამ დიდ პროექტს ვიწყებთ“, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“, დეველოპერული კომპანია „აპექს დეველოპმენტის“ კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამივე სამომავლო პროექტი თბილისში იქნება, მათ შორის ერთი დიდ დიღომში, ხოლო ორი ვარკეთილში. საუბარია საცხოვრებელ კომპლექსებზე.
„დიდ დიღომში კოოპერატივით დაზარალებული ხალხისთვის ვაშენებთ. თქვენ იცით, რომ დაზარალებულებს თბილისის მერია ეტაპობრივად აკმაყოფილებს ბინებით. მერიის მიერ გამოცხადდა ღია კონკურსი და ჩვენ მასში მონაწილეობა მივიღეთ, გავიმარჯვეთ და დიდი დიღმის II მიკროში რამდენიმე თვეში დავიწყებთ მშენებლობას. 130 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემათ ჩვენს კომპლექსი ბინები.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პროექტს, ისინი ვარკეთილში იქნება, კერძოდ, ცენტრალურ ჯავახეთის ქუჩაზე, ერთი მეტროდან ზემოთ 300 მეტრში და მეორე - მეტროდან ქვემოთ 300 მეტრში. ესენი სრულად კომერციული პროექტებია. იქნება დიდი კომპლექსები თავისი ინფრასტრუქტურით, კომერციული სივრცეებით, ძალიან დიდი პარკინგით. ერთი კომპლექსი გათვლილია 600-700 ბინაზე. მეორე - 500 ბინაზე. ახლა ვმუშაობთ როგორც არქიტექტურულ, ასევე სანებართვო პროცესებზე. ვფიქრობთ რომ ეს პროცესი მალე გავა ბოლოში. საუბარია რამდენიმე თვეზე“, - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის 2024 წლის გეგმებიც სწორედ ამ სამ პროექტს უკავშირდება.
ცნობისთვის,სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიას 12 დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტი აქვს.