მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაზე - კობახიძე

მთავრობა

ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში სჭირდება საფრთხეების პრევენცია, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული კანონები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ახალი მოწვევის“ პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. ახალი ცვლილებებით, კოდექსში შეიცვალა პირების დაკავების საფუძვლები, ასევე გაიზარდა გარკვეული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული საურავების მოცულობაც.

„როდესაც კანონები მზადდება, ჩვენ ვსწავლობთ ხოლმე საერთაშორისო პრაქტიკას და ამ შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაზე. კანონი არ მოქმედებს ერთი და ორი თვით, კანონს აქვს მრავალწლიანი მოქმედების ვადა. ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში სჭირდება საფრთხეების პრევენცია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული კანონები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამაზეა გათვლილი კანონი, რომელიც იქნა მიღებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

გასული დღეების განმავლობაში, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენების გამო, ცვლილებები ამ უკანასკნელსაც შეეხო. კერძოდ, დემონსტრაციაზე პიროტექნიკით ყოფნა პირის 5,000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, ორგანიზატორი 15,000 ლარით დაჯარიმდება. ამ შემთხვევაშიც, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება ჯარიმის ნაცვლად პირს 15-დღიანი პატიმრობა დააკისროს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აიკრძალა აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნივთის ქონა, მიუხედავად იმისა, აპირებთ თუ არა მის გამოყენებას. ცვლილება განხორციელდა იმ მოტივით, რომ მსგავსმა ნივთმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა (იგულისხმება ვიდეო-სამეთვალყურეო საშუალებები) გამართულ ფუნქციონირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები