მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამართლიანობის პრინციპის არგუმენტს ვერ გავიზიარებ" - იუსტიციის მინისტრი საპოლიციო გამოსახლების სრულად აღდგენაზე

იუსტიციის მინისტრი

ადამიანებს ვაძლევთ თავისუფალი არჩევანის საშუალებას, გააფორმონ ქირავნობის ხელშეკრულება, ან პრობლემის შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც საპოლიციო გამოსახლების წესის ნაწილობრივ აღდგენის ინიციატივას ეხება.

საქმე ის არის, რომ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში დააანონსა ინიციატივა, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ფართის გაქირავების შემთხვევაში გააფორმონ ხელშეკრულება.

კითვხვა: - ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გაუქმდა. მიგრანტების ნაკადის ზრდის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როცა ურჩი გადამხდელები არ ტოვებენ ფართს, არც ქირას იხდიან, და შესაბამისად, მესაკუთრის კანონიერი უფლებები ირღვევა. ახალი სერვისი შეეხება ქირავნობას და იჯარას და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებენ ხელშეკრულებას. შერჩევითი სამართალი ხომ არ გამოდის? რადგან თქვენ იცავთ იმ მოქალაქის უფლებებს, ვინც წინასწარ დაიჭერს თადარიგს, მაგრამ არ იცავთ მას, რომელსაც კანონი იცავდა, როცა გამქირავებელს პატრული გამოძახება შეეძლო და უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეს დაატოვებინებდნენ საკუთრებას, რატომ არ შეიძლება აღდგეს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი სრულად, რასაც მოქალაქეებთან ერთად ითხოვდა ბიზნესი?”

“რაც შეეხება სამართლიანობის პრინციპს, ამ არგუმენტს ვერ გავიზიარებ, რადგან ეს დამოკიდებული იქნება ადამიანის თავისუფალ არჩევანზე. თუ მათ სურთ, რომ ჰქონდეთ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, რომ დაარეგისტრირონ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ გამოყენებული იყოს ე.წ. საპოლიციო გამოსახლება, ხოლო თუკი ადამიანებს არ სურთ გამოიყენონ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის თავისუფალ არჩევანზე. ჩვენ პირიქით, თავისუფლებას ვაძლევთ ადამიანებს და არანაირად არ ვაყენებთ მათ განსხვავებულ მდგომარეობაში სამართლის წინაშე”, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საპოლიციო გამოსახლების სრულად აღდგენას - მინისტრი ამბობს, ამ შემთხვევაში რთული იყო დადგენა, რეალურად იხდიდა თუ არა მოქირავნე გადასახადს.

“აქ მტკიცების ტვირთიც არის, რადგან რთული დასამტკიცებელია ადამიანმა გადაიხადა თუ არა აქამდე გადასახადი. ხშირად ზეპირი შეთანხმებითაც ხდება ბინების გაქირავება და შეიძლება ნაღდი ანგარიშსწორებაც მოხდეს. ასეთ შემთხვევაში ტყუილ-მართალის გარკვევა რთულია. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი აუცილებელი იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, რაც თავისთავად მტკიცებულება იქნება. ჩვენ ამ სახელმწიფოში ადამიანებს ვაძლევთ სრულ თავისუფლებას, მიიღონ ადამიანებმა გადაწყვეტილებები, თუ მათ ენდომებათ დადონ ხელშეკრულება, რაც დაიცავს საკუთრების უფლებას, თუ სხვა ტიპზე შეთანხმდებიან, ესეც მათი გადასაწყვეტია”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები