თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა - ამას ითვალისწინებს ₾22.5-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
ეს განმეორებითი ტენდერია, რადგანაც პირველი ტენდერი, რომელიც 4 აგვისტოს გამოცხადდა, უშედეგოდ დასრულდა და მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
“შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შენობების საბოლოო ფუნქციასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არაა.
ტენდერში განაცხადების მიღება 7 ოქტომბერს იწყება და 12 ოქტომბერს სრულდება.