მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზი ტერასებზე გაშენება - დაირგვება 3 ათასი ნერგი

645606958918c
BM.GE
06.05.23 12:00
994
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონის რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

სამცხე-ჯავახეთში ფერმერებისთვის ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში ხორციელდება.

„აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორისაა ახალი პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ და რომლის მიზანი მესხური ვაზის და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებაა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს წარმოებისთვის უსასყიდლოდ გადავცემთ მესხური ვაზის ნერგებს და ხორბლის თესლს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, დღეისათვის, მესხური ვაზის 26 ჯიში გვაქვს მოძიებული. მათი დიდი ნაწილი აღდგენილია ჩვენს უნიკალურ ჯიღაურას ბაზაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს. აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ პროექტები, რომელთა მიზანიც არის, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური პირობები“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა 14 ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა, რომელიც 96 ფერმერს აერთიანებს. ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი უკვე დაწყებულია; სხვადასხვა ლოკაციაზე 3 ათასი ნერგი ირგვება.

„კამპანია „გავაცოცხლოთ მესხური ვაზის ფესვები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანია მესხური ვაზის და მესხური ხორბლის ჯიშების შენარჩუნება, აღდგენა და აგროტურიზმის ციკლში ჩართვა. ოთხი საუკუნის წინ დაკარგული ტრადიციის აღდგენა რთულია და ამას ეტაპობრივად ვგეგმავთ. ეს არის კამპანია, რომელსაც აქვს გლობალური ხასიათი, რადგან მესხური ვაზი და მესხური ხორბალი გლობალური მნიშვნელობისაა; აგრობიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მაღალი ღირებულებების მატარებელი პროდუქტებია და მათი დაბრუნება გასტროპროდუქტებში და აგროტურიზმის სექტორში არის პროექტის პირდაპირი მიზანი“, - განაცხადა პროექტის აღმსრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ.

მესხური ვაზის ჯიშის აღდგენასა და გაშენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გადაშენების პირას მისული ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების მოძიება, აღდგენა და დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მოხდა. ეს უნიკალური ბაზა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს ფონდმა „ქართუ“ უსასყიდლოდ გადასცა.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება ეძლევათ, რეგიონში გააშენონ და წარმოებაში დააბრუნონ აღდგენილი ენდემური ჯიშები, ასევე დაგეგმილია სანერგე მეურნეობის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ნერგებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მესხური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები