კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის მიზანია გაირკვეს, რას უკავშირდება ფასების ზრდა.
მისი განცხადებით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო სწორედ ფასების დინამიკა - დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი ფასები, რაც ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს.
„მაგალითისთვის რომ ავიღოთ - ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 13 რეკომენდაცია გამოიცა.
"ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ 13 რეკომენდაცია გამოვეცით და საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი მათგანი დანერგა, მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტები და ა.შ. რამაც მომხმარებლებს გაუჩინა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე.
ჩვენ 4 კომპანია საკმაოდ სოლიდურად დავაჯარიმეთ შეთანხმებულ ქმედებაზე, ეს ეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი, იმპორტით შემოტანილი მედიკამენტი 30 ლარად იყიდებოდა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კუთხით. მედიკამენტებზე ფასნამატები იყო 180-200% და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, როგორიცაა მაგალითად კონფერენციების ორგანიზება, ძვირად ღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ითხოვდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაგვეთვალა ხარჯებად. საუბარია ყველასთვის ცნობილ მედიკამენტზე, ეს ხდებოდა მანამ, სანამ დაწესდებოდა რეფერენტული ფასები, ასეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.




























