მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამედიცინო შემთხვევის გამო, ტრამპის პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყდა - რა მოხდა ოვალურ ოფისში?

ოვალური ოფისი

ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის გამო, რა დროსაც თეთრი სახლის სტუმარმა პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყდა. ტრამპი და მისი ჯანდაცვის მრჩევლები კონფერენციაზე წონის კლების მედიკამენტებზე ფასის შემცირების ინიციატივას განიხილავდნენ.

პირდაპირი ტრანსლაციის დროს, ტრამპის მაგიდასთან ახლოს მდგომი მამაკაცი მოულოდნელად დაეცა, იმ მომენტში, როცა Eli Lilly-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ რიქსი საუბრობდა.

კაცს პირველადი დახმარება ტრამპის ადმინისტრაციის Medicare-ისა და Medicaid-ის ცენტრების ხელმძღვანელმა, ექიმმა მეჰმეთ ოზმა გაუწია, რა დროსაც თეთრი სახლის თანამშრომელი ჟურნალისტებს ოვალური ოფისი დაატოვებინა. პრესის წარმომადგენლები თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში გადაიყვანეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მამაკაცი თავს უკეთ გრძნობდა.

"ოვალური კაბინეტის განცხადების დროს, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა გონება დაკარგა. თეთრი სახლის სამედიცინო სამსახური მაშინვე ჩაერია და მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. პრესკონფერენცია მალევე გაგრძელდება", - განაცხადა ლევიტმა.

როდესაც კონფერენცია საბოლოოდ განახლდა, მომხდარზე კომენტარი ტრამპმაც გააკეთა.

"ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს ოდნავ თავბრუ დაეხვა და ამიტომ დაეცა, მაგრამ ახლა კარგადაა. მას ექიმები უვლიან, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ცოტა შეყოვნება გამოგვივიდა, ბოდიშს ვიხდი ამისთვის", - განაცხადა ტრამპმა.

სააგენტო Getty Images-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გორდონ ფინდლეი იყო, Ozempic-ის მწარმოებელი კომპანია Novo Nordisk-ის გლობალური ბრენდის დირექტორი. თუმცა მოგვიანებით Novo Nordisk-მა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც განმარტა, რომ ფინდლეი ღონისძიებას საერთოდ არ ესწრებოდა.

ამ დრომდე მამაკაცის ვინაობა მედიასთან დადასტურებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები