მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამეგრელო წალეკა კონტრაბანდამ“ - დეპუტატი ფინანსთა მინისტრს

60c34f01d89ce
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.21 16:00
3519
საპარლამენტო უმცირესობისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრს სამეგრელოში კონტრაბანდის გახშირებული შემთხვევების შესახებ კითხვით მიმართავს. დეპუტატი იმ მაღალჩინოსნების გვარებით ინტერესდება, ვინც ხელს უწყობს ამ პროცესებს და ლაშა ხუციშვილს ეკითხება, თუ გრძნობს მინისტრი კონტრაბანდით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობას.

„ბოლო რამდენიმე წელია სამეგრელო წალეკა კონტრაბანდამ. ამაში გარეულნი არიან მაღალჩინოსნები, რომლებსაც სისტემა იცავს. რამდენიმეჯერ მივმართე ზუგდიდის ფინანსურ პოლიციას დავუსახელე გვარები, თუმცა რას აკეთებს ამ დროს ფინანსური პოლიცია? ისინი არბევენ ბაზარში მოვაჭრეებს, რომლებიც 2-3 სიგარეტს ყიდიან და ოჯახს არჩენენ, მაგრამ იცავს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამდენი წელია კონტრაბანდულ ბიზნესში არიან გარეულნი. ვითხოვ პასუხს - ვინ არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ამ რაოდენობის უაქციზო სიგარეტის გადმოტანას ახერხებენ და თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას რამხელა ზიანი ადგება ამით ბიუჯეტს?!“, - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.

ანა წითლიძის მეორე კითხვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს შეეხებოდა:

„მეორე კითხვა ეხება ანაკლიას, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დავაშია და თუ ამ დავას წავაგებთ, ასეულობით მილიონი ისევ საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება. თქვენ თავად აღნიშნავთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ამ დავის გამო, ახალი ტენდერის გამოცხადება შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს. თქვენ უთითებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ანაკლიისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. რაში დაიხარჯება ეს თანხა?

ასევე ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ავტომაგისტრალის და რკინიგზის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც 10 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა არანაირი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. როდის დაიწყება ზუგდიდი - ანაკლიის რკინიგზის მშენებლობა? ხომ არ არის რისკი, რომ ეს 10 მლნ ისევ აუთვისებელი დარჩეს, რადგან თუ გადავხედავთ წინა წლებს, მაგალითად 2019 წელს 11 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ამის ათვისება ვერ მოხდა და 3.7 მლნ ლარი დაიხარჯა; 2020 წელს ბიუჯეტში გზებისთვის 50 მლნ მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა რეალურად 3.3 მლნ ლარი დაიხარჯა.

ასევე ანაკლია დგას ეკოლოგიური საფრთხის წინაშე. პორტის ჩატარებული პირველადი სამუშაოების გამო გიგანტური ქვიშის მასებია ამოღებული, რომლებიც ქარის დროს მთლიანად ფარავს ანაკლიას და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუ გაქვთ რაიმე სამუშაოები დაგეგმილი ამ მიმართულებით?“, - იკითხა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის: „ქვიშის გორების“ პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო ანაკლიის პორტის ახალ ინვესტორს დაავალდებულებენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები