ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამი პრობლემა დაასახელა, რომელიც მისი მოსაზრებით, საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას შეიძლება აფერხებდეს. ესენია: კანონის უზენაესობა, კვალიფიციური მუშახელი და ინფრასტრუქტურა.
„რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, თუმცა საჭიროა კიდევ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ამ კუთხით ქვეყანა კარგი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ კომპანიებმა საქართველოში ინვესტირებაზე გადაწყვეტილება მიიღონ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს კვალიფიციური მუშახელი და იყოს კანონის უზენაესობა.
ამასთან, ზოგადად, საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით BMG-ის შეკითხვას, ელჩმა ასეთი პასუხი გასცა:
„ბევრი ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, მაგრამ არის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც თქვენი ქვეყანა დგას. ასევე, არის რაღაც კრიტერიუმები, რაც მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომ მათ აქ ინვესტიციები განახორციელონ. ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი“, – განაცხადა დიპლომატმა.