მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო ჩინეთსა და საქართველოს შორის უმაღლესი განათლების ხარისხების ორმხრივ აღიარებაზე მუშაობს

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო ჩინეთსა და საქართველოს შორის უმაღლესი განათლების ხარისხების ორმხრივ აღიარებაზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომელიც ალექსანდრე წულაძესა და ჩინეთის ელჩს შორის შეხვედრას ეხება.

განათლების სამინისტროს ცნობით, წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციანს უმასპინძლა, რა დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სექტორში პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელეს, შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

"საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებულ არაერთ მემორანდუმს, მათ შორის, საქართველოს სკოლებში უცხოური ენების სწავლების გაძლიერებასა და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავებას.

"როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოური ენების არჩევის კუთხით მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობის შეთავაზება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, სხვა ენებთან ერთად, ქართველი მოსწავლეები წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების ჩართულობით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმების პროექტზე.

ჩინეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით", - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველომ ყაზახეთთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებსაც ითვალისწინებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები