"სამხრეთ ოსეთსა და სერბეთს ერთი ბედი აერთიანებთ", - ეს განცხადება რუსეთში დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ელჩმა, რუსეთში სერბეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრისას გააკეთა.
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ელჩი რუსეთში სერბეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, დუშკო პეროვიჩმა დოკუმენტური ფილმის დღეების გახსნაზე დაპატიჟა. ღონისძიებას დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცხინვალის ე.წ. ელჩმა, ზნაურ გასიევმა დუშკო პეროვიჩს უთხრა, რომ სერბეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთის სახით, სანდო მეგობარი ჰყავთ.
"სამხრეთ ოსეთს და სერბეთს ერთი ბედი აერთიანებთ. ორივემ სისხლის ფასად დაიცვა არსებობის უფლება. ჩვენს ხალხებს ერთი და იგივე სულიერი ფასეულობები აქვთ და გვყავს საერთო სანდო მეგობარი - რუსეთი", - განაცხადა მან.