სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა. როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური იტყობინება, სამოგზაურო დაზღვევის პირობების მიმართ, სამსახურმა დაადგინა მინიმალური მოთხოვნები, რომელიც ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა.
სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნების მიხედვით, გაიზარდა დაზღვევის მომსახურების ლიმიტები. კერძოდ:
- თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროს/აშშ დოლარს:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ევროსი/აშშ დოლარისა (ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი);
ბ) გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროსი/აშშ დოლარის (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000-მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი);
- თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ნაკლებია 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარზე:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ ჯამური ლიმიტის 10%-სა, მაგრამ, არანაკლებ 1 000 ევროსი/დოლარის (ძირითადად ლიმიტი იყო 1000-ის ფარგლებში);
ბ) გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის (სადაზღვევო თანხა) ტოლი (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400);
- სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა და გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ:
ა) თუ მომსახურების გამწევის მიერ, სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება ერთიანი ტარიფით, უნდა ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას სრულად, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში;
ბ) თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 დღის ხარჯი.
მანამდე ძირითადად შემთხვევებში, ანაზღაურება სრულდებოდა მხოლოდ სადაზღვევო პერიოდთან ერთად.
ამავდროულად, ყველა მზღვეველს რჩება შესაძლებლობა შესთავაზოს და მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება, დადოს სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულება უფრო მაღალი დაცვით, ვიდრე მინიმალური სტანდარტი ითვალისწინებს.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, დადგენილი მოთხოვნების ამოქმედების შედეგად, სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ხარისხი გაიზრდება. ამასთან, ცვლილებები ხელს შეუწყობს სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდას.
აღსანიშნია, რომ ცვლილებებამდე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია კონკურენცია სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში. კერძოდ, ლიცენზირებული 18 მზღვეველიდან, 15 მზღვეველი მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს და ზოგიერთი მათგანი ორი ან მეტი ტიპის სამოგზაურო დაზღვევის პირობებს ყიდის.
„ბაზარზე არსებული პირობები მრავალფეროვანი და განსხვავებულია, თუმცა ყველაზე ხშირად იყიდება ე.წ. 50,000 დოლარიანი/ევროიანი პოლისი. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ აღნიშნული 50,000 ევრო/დოლარი წარმოადგენს პოლისის ჯამურ თანხას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სამედიცინო საჭიროება ანაზღაურდება 50,000-ით“, - აღნიშნულია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.