მენეჯერი, მრჩეველი და ბანკირი ნიკოლოზ შურღაია აცხადებს, რომ სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა მოიტანს დიდ ეკონომიკურ ზიანს მთელი საქართველოსთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. პოსტს ის LinkedIn-ის პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ ეს ზიანი მომავალ წელს აშკარა გახდება.
ნიკოლოზ შურღაია მოქალაქეებს მიმართავს და ეკითხება - რა უნდათ მათ თავისუფლება და კეთილდღეობა, თუ ნახევრადმონარქი ბობოლების გამდიდრება?
„თავისუფლებას მოაქვს უზარმაზარი პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მთელი ქვეყნისთვის და მილიონობით მოქალაქისთვის.
სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა მოიტანს დიდ ეკონომიკურ ზიანს მთელი საქართველოსთვის და მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის.
რუსული კანონი ახეირებს მხოლოდ ხელისუფლებაში და შუშის სასახლეში თბილად მოკალათებულებს, მათთან გადაფსკვნილ ბიზნესებს და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს.
ეკონომიკური ზიანი, რომელსაც გარდაუვლად მივიღებთ (გააჩნია რამხელას), არაუგვიანეს მომავალ წელს აშკარა გახდება. ეს მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. ის აგებს პასუხს „რუსული კანონის“ მიღებით გამოწვეულ მოსალოდნელ კოლაფსზე, ისევე როგორც თავს იქებდა გასულ პერიოდში მიღწეული წარმატებებისთვის.
შენ რა გსურს, საქართველოში თავისუფლება და კეთილდღეობა შენთვის და შენი თანამოძმე მოქალაქეებისთვის, თუ ნახევრადმონარქიის მწოველი ბობოლების შემდგომი გამდიდრება და გაზულუქება?“ - წერს ნიკოლოზ შურღაია.