მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამოყვარულო სპორტის ხელშეწყობა გვინდა” - რატომ შეიქმნა BURTY?

BURTY

საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემაში ახალი სტარტაპი, BURTY გამოჩნდა. BURTY მოედნების დაჯავშნის აპლიკაციაა, რომლის მიზანი საქართველოში სპორტული კომუნის განვითარება და სამოყვარულო სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელმა საბა არონიამ bm.ge-სთან განმარტა, BURTY-ში შეიძლება, როგორც მოედნის სრულად დაჯავშნა, ასევე ინდივიდუალურ მოთამაშედ რეგისტრაცია და უცნობებთან თამაში - სწორედ ესაა ინოვაცია, რომელიც BURTY-ის გუნდს შემოაქვს.

“ფეხბურთი გუნდური სპორტია, რის გამოც საფეხბურთო მოედნის დაჯავშნა დიდი თავის ტკივილია - კომფორტულად სათამაშოდ, სულ მცირე, ათი მოთამაშე არის საჭირო. გუნდის შეკრება და დროის შეთანხმება თავისთავად რთულია, ხოლო მოედნის დაჯავშნა მყისიერად, ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე პრობლემაა, თანხის განაწილება და ბუღალტერია. ამ მიმართულებით საქართველოში რამდენიმე კომპანია მუშაობს, მაგრამ პროცესი ჯერაც მხოლოდ ნაწილობრივაა გაციფრულებული”, - ამბობს BURTY-ის თანადამფუძნებელი, საბა არონია.

ამჟამად, BURTY მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აქსელერატორის, Plug and Play-ის პროგრამაში მონაწილეობს, რომელიც საქართველოში GITA-სთან პარტნიორობით იმართება. აქსელერაციის მიზანი საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაა. პროექტი სამი ეტაპისგან შედგება, რომელთა წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, სტარტაპებს 200,000-ლარიანი გრანტის მიღება შეუძლიათ.

“აქსელერაცია პროდუქტის და ბიზნესის პოზიციონირების დახვეწაში გვეხმარება. აპლიკაცია მზადაა და სულ მალე გაეშვება Android-ზე და iOS-ზე, მანამდე კი ღიაა წინასწარი რეგისტრაცია. სამოყვარულო სპორტის წახალისების მიზნით, BURTY-ის მომლოდინეთა სიაში რეგისტრირებულ პირველ ორას ადამიანს სამუდამო 10%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ”, - აღნიშნავს საბა არონია BMG-ისთან.

პირველ ეტაპზე, BURTY ფეხბურთზე კონცენტრირდება, მაგრამ ეტაპობრივად აპლიკაციაში სხვა სპორტის სახეობები გამოჩნდება. საქართველოს შემდეგ, დამფუძნებლები ბიზნესის გაფართოებას კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში გეგმავენ. საქართველოს ბაზარზე BURTY-ის მარკეტინგული კამპანია უკვე დაიწყო.

“სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართულობა გლობალურად იზრდება, თანაც არამხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ ხანდაზმულებში, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წელი გრძელვადიანი სიცოცხლის საფუძველია. დროსთან ერთად, ეს ტენდენცია საქართველოშიც იჩენს თავს და გვინდა, სპორტში ჩართულობა მაქსიმალურად გავამარტივოთ. ამიტომაც, ჩვენს აპლიკაციაში სპორტული მოედნის დაჯავშნა რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით შეიძლება”, - განმარტავს საბა არონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები