ძიძებს, რომლებსაც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, იურიდიულ დახმარებას საქართველოს ძიძების ასოციაცია გაუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ასოციაცია ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი მოტივით ძიძების სამსახურიდან გათავისუფლებისა და მათი "აპოლიტიკური" კადრებით ჩანაცვლების მოთხოვნის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
"ძიძებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.
უკვე რამდენიმე შემთხვევაა, რაც გვესმის, რომ ძიძებს დამქირავებლები პოლიტიკური მოსაზრების ქონის გამო ათავისუფლებენ სამსახურიდან, შემდეგ კი ოჯახები გვიკავშირდებიან და გვთხოვენ აპოლიტიკურ ძიძებთან დაკავშირებას.
ჩვენ არასდროს გვიკითხავს ჩვენი წევრი ძიძებისთვის მათი პოლიტიკური მოსაზრებების შესახებ. გარდა იმისა, რომ ასეთი ინფორმაციის შეგროვების საჭიროება არ გვაქვს, ეს აკრძალულია კანონით.
უამრავი ძიძა და საოჯახო მშრომელი მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში, დემონსტრაციაზე დგანან შვილებთან ერთად. ჩვენთვის თვალსაჩინოა, რომ ამის გამო ისინი კარგავენ სამსახურს.
თუ ასეთი ხართ თქვენც, ვინც პოლიტიკური მოსაზრების გამო გაგათავისუფლეს სამსახურიდან, აუცილებლად დაგვიკავშირდით. არსებული სამართლებრივი მექანიზმებით ვეცდებით, დაგეხმაროთ", - წერია ძიძების ასოციაციის განცხადებაში.