არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანადამფუძნებლის ანა გაგნიძის განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ნეპოტიზმს და ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის გამო.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
ანა გაგნიძე იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ხუთი წლის წინ, ღია კონკურსის გზით, უვადოდ დაინიშნა, მაგრამ „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 2024 წლის ბოლოს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდნენ.
ანა გაგნიძემ უკვე მიიღო შეტყობინება, რომ 1-ელი თებერვლიდან იუსტიციის სახლი მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ ანა გაგნიძე ერთ-ერთი პირველი იყო იუსტიციის სახლის 600-ზე მეტ თანამშრომელს შორის, რომლებმაც ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება შეაფასეს როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი პოზიცია საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს.
„ჩვენი განცხადება იყო პოლიტიკური კონტექსტიდან დაცლილი და ემსახურებოდა აზრის დაფიქსირებას საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით... საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ვაფასებ როგორც რეპრესიულ აქტს. რეალურად, ეს არ არის არც სამართალთან და არც კანონიერებასთან კავშირში და ნამდვილად არ ემსახურება საჯარო სამსახურის განვითარებას. ის ა ხაზგასმით ემსახურება განსხვავებული აზრის აღმოფხვრას საჯარო სამსახურში და მის პარტიულ კოლექტივად გადაქცევას“, - თქვა მან „წერტილში“.
ანა გაგნიძეს მოლოდინი აქვს, რომ საჯარო სექტორში, მათ შორის იუსტიციის სახლში რეპრესიები გაგრძელდება.
„საბოლოოდ რეპრესიები ყველასთან მივა, ვისაც ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს და არ აქვს მნიშვნელობა, ხელი აქვს მოწერილი განცხადებაზე თუ არა. იკვლევენ და იციან, ვინ რა აზრის მატარებელია და თუ მათთან არ ხარ, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - დასძინა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში ანა გაგნიძემ გაიხსენა, რომ საჯარო სექტორში მუშაობა, დაახლოებით, 10 წლის წინ მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოსაც და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება გაფორმდა.
„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, მაგრამ გასული წლის ბოლოს კანონში შეტანილი ცვლილებით ყველაფერი წყალში იყრება და ვუბრუნდებით 1997 წლის კანონის რედაქციას“, - აღნიშნა მან.
ანა გაგნიძემ ამ თემაზე სოციალურ ქსელშიც ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
„და აი, ისიც! რამდენიმე დღის წინ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ცვლილებაზე ვწერდი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, კანონიერებასთან და რეალურად წარმოადგენს რეპრესიულ აქტს.
აქტს, რომელიც საჯარო სამსახურის დაშლას და პარტიულ კოლექტივად გარდაქმნას ემსახურება.
კონსტიტუციის ერთგულებასა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერის პასუხად, სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, იუსტიციის სახლშიც დაიწყო რეპრესიები, რომელსაც ალბათ, არ შეწყვეტენ, სანამ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
2024 წლის 30 დეკემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ HR დეპარტამენტის გამორჩეულად კარგ, პოზიტიურ, დაუზარელ და ყოჩაღ თანამშრომელს 1 წლის თავზე, იანვრიდან, აღარ უგრძელებენ შრომით ხელშეკრულებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუმცა ყველასთვის გასაგები მიზეზით.
2024 წლის 31 დეკემბერს კი, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, აქამდე უვადოდ საშტატო პოზიციაზე დანიშნულებმა - მე, კიდევ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (ერთიც შვებულებაშია, ჯერ ვერ გაეგზავნა) და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მივიღეთ შეტყობინება, რომ 1 თვის ვადაში შეწყდება ჩვენსა და იუსტიციის სახლს შორის წინა დღეს "გამომცხვარი" ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
მიღებული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მართლა გამეღიმა, პირველი რაც გავიფიქრე, გაფრთხილების ტექსტს შევცვლიდი, ცოტა სინტაქსს და პუნქტუაციასაც შევასწორებდი, მაგრამ ვიცი, რომ ჩქარობდნენ და...
ამის შემდეგ, უბრალოდ თავისუფლება ვიგრძენი - კიდევ ერთხელ, არავის და არაფრის წინაშე ვალდებულება, გარდა ჩემი მოვალეობებისა, რომლებსაც შეზღუდვების ფონზეც კი, მე დღემდე პირნათლად ვასრულებ და სანამ დრო მაქვს, ისევ ასე გავაგრძელებ.
გავაგრძელებ, მათ შორის, იუსტიციის სახლის თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, ვისაც ღიად ან შეფარვით, ემუქრება რაიმე ნიშნით ჩაგვრა და გავაგრძელებ ჩემი პრინციპების, ღირებულებებისა და სინდისის ერთგულებას.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ველოდი, ისევე როგორც, ბევრი გულშემატკივარი, ვისაც მართლა ადარდებდა თავისუფლად აზრის გამოხატვის შედეგები და ის "კეთილის მსურველებიც", ვისაც საჯარო სამსახური მათი ან/და პარტიის კუთვნილება ჰგონიათ;
თუმცა გულწრფელად ვფიქრობ, საჯარო სამსახურის რეფორმისა და ნაკოწიწები შედეგების ფეხქვეშ გათელვის და ამასთან, ზოგიერთი "სახეცვლილი" ადამიანის პირობებში, დასაკარგიც ბევრი არაფერი დარჩა და ამიტომ, “იმ სანქციებისგან” განსხვავებით, ეს მართლა ჯილდოა.
ჩემთვის ყოველთვის უძვირფასესი იქნება იუსტიციის სახლი, ორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, სტანდარტებით და მომსახურების ხარისხით ყველაზე ახლოს არის ევროპულობასთან, მაგრამ ამ ორგანიზაციის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო პროგრესულად მოაზროვნე თანამშრომლები, რომლებიც მის სახეს ქმნიან საზოგადოებაში.
საერთო განცხადებაზე, საჯარო დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი - 550-ზე მეტი ხელმოწერაც, ჩემთვის ამის ერთ-ერთი დასტურია და რეალური სურათი კიდევ უკეთესი.
ვფიქრობ, ამ განცხადებამ, არათუ დააზიანა ორგანიზაციის იმიჯი, არამედ კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა ორგანიზაციული ბირთვის პროგრესულობა და თავისუფალი აზროვნება.
რა თქმა უნდა, არიან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებიც, რომლებსაც ისევე აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება, როგორც ჩვენ, დანარჩენებს.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლისთვის, უნდა ავაშენოთ მრავალფეროვანი, გამართული, დემოკრატიული და ევროპული საჯარო სამსახური, რომელიც მერიტოკრატიის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და სადაც მთავრობების ცვლილების დროსაც მთავარი მხოლოდ თანამშრომელთა მიღწევები, პროფესიული უნარები და კომპეტენცია იქნება მათთან შრომითი ურთიერთობის განმსაზღვრელი.
ღრმად მწამს და მჯერა, ამ გზიდან გადახვევა დროებითია. მიუხედავად საჯარო მოხელეების/ მოსამსახურეების დასჯის, რეპრესიებისა და დაშინების მცდელობისა, აუცილებლად ავაშენებთ უკეთეს საჯარო სამსახურსაც და ქვეყანასაც და მეც, ჩემი პატარა წვლილით, აუცილებლად ვიქნები ამ ყველაფრის ნაწილი.
და ბოლოს, არცერთი წამით დამიშვია, რომ არ ღირდა საკუთარი აზრის და პრინციპების გამო ბრძოლა, სწორედ ამიტომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმაზე თავდაჯარებული, ვიდრე ოდესმე”, - დაწერა ანა გაგნიძემ სოციალურ ქსელში.