ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 48 პრიმა მუხლში შესული ცვლილების მიხედვით, ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის წესი ძირეულად იცვლება.
"კრესტონ პაპიაშვილის" მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მიხედვით, სხვადასხვა ბიზნესსექტორის კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება სამშენებლო კომპანიების დღგ-ით დაბეგვრაც. საკითხზე მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ სიახლის მიხედვით, კანონმდებლობაში მანამდე გაჟღერებული ტერმინი „საკომპენსაციო თანხა“ ჩანაცვლდა ტერმინით „ანაზღაურება“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბარტერული ოპერაციის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე ანაზღაურებული საქონლის ან მომსახურებაც მიღების შემთხვევაში განიხილება ე.წ. ავანსად და უნდა დაიბეგროს დღგ-ით ასეთი საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში.
პაპიაშვილი განმარტავს, რომ ჩანაწერი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა ის არ შეეხება 2024 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს.
„თუ ჩვენ ყველაფერი სწორად გავიგეთ და კანონში ეს ნამდვილად ასე იკითხება, ეს არის 2017 წელს დაწყებული ავანსების დაბეგვრის დღგ-თი დაბეგვრის ახალი წესის ერთგვარი გაგრძელება. მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს შემოღებული იქნა დღგ-ში ავანსების დღგ-თი დაბეგვრის წესი, თუმცა 2017 წელს შემოღებულ კანონმდებლობაში ნათლად ეწერა, რომ ეს არ ეხებოდა არაფულადი ფორმით მიღებულ ავანსს. ანუ ბარტერული ოპერაცია ფულადი ანაზღაურებისგან განსხვავებით ავანსად არ განიხილებოდა. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მიწის მიღება რომ ყოფილიყო სამშენებლო კომპანიისთვის მომავალში გადასაცემი ბინების სანაცვლოდ, ეს არ ითვლებოდა ავანსად და დღგ-თი არ იბეგრებოდა. რაც შეეხება სიახლეს და ჯერ არ მომისმენია შემოსავლების სამსახურის კომენტარი ან განცხადება ამ თემაზე, კანონში აშკარად იკითხება, რომ თუ საქონლის /მომსახურების მიწოდებამდე მოხდება ასევე საქონლის ან მომსახურების მიღება, ანუ ბარტერზეა საუბარი, ესეც მომსახურების ან საქონლის მიწოდებამდე უნდა დაიბეგროს.
ბუნებრივია, ეს მხოლოდ სამშენებლო სექტორს არ ეხება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ბარტერული ოპერაციები გავრცელებულია სამშენებლო სფეროში. დეველოპერული კომპანიები ხშირად მომავალში გადასაცემი ბინების სანაცვლოდ იღებდნენ საკუთრებაში მიწას და ბინების გადაცემა ხდება 2-3 წლის შემდგომ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს აქამდე არ წარმოადგენდა დასაბეგრ ოპერაციას, თუმცა კანონმდებლობის იმ რედაქციით, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, იკითხება რომ ეს უკვე უნდა დაიბეგროს", - განაცხადა პაპიაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რადგან გამოდის, რომ თუ ეს დაიბეგრა დღგ-თი, კომპანიას თავისი ჯიბიდან ექნება გადასახდელი.
"ორაზროვნებაა იმ ნაწილშიც, რომ გაუგებარია რომელი საბაზრო ფასი უნდა ავიღოთ, დღევანდელი, როცა ბინებს მივაწვდით თუ, 3 წლის წინანდელი, როცა მიწა გადმოგვცეს საკუთრებაში. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, რადგან მიწოდება ამჟამად საკმაოდ ძვირი ღირს.
996-ე დადგენილებაში წერია, რომ ეს ამოქმედდება 2024 წლიდან, თუმცა არ შეეხება 2024 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ანუ ამითაც კანონმდებელი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს დამატებითი ტვირთია ბიზნესისთვის და არ გავრცელდება ძველ ხელშეკრულებებზე.“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას პაპიაშვილმა.