მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამთავრობო ხარჯები მშპ-ს 20%-ზე უნდა ჩამოვიყვანოთ” - გიგა ბედინეიშვილი

62334b57b35b7
ანუკა ჯოხაძე
17.03.22 22:19
1167
2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდა. საუბარია სამთავრობო აპარატის შენახვისთვის გადახდილ ხარჯებზე, მათ შორის შტატიან და შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებებზე. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რაც 2021 წლის 9 თვის ხარჯებს ასახავს, აღნიშნულია, რომ მთავრობაში დასაქმებულთა ხელფასები 1.2 მილიარდი ლარი იყო, რაც 84 მილიონით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო შტატგარეშეთა ანაზღაურებები, რაც 2021 წელს 246 მილიონი იყო, 2020-ში 202 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. მისი განმარტებით, დღეს სამთავრობო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს აჭარბებს, რაც 20%-ს უნდა ჩამოსცდეს. ბედინეიშვილი ამბობს, რომ არამიზნობრივი ხარჯების შემცირების პარალელურად, მიმდინარე მოვლენების ფონზე საჭიროა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდა.

“ქამრების შემოჭერა კი არა წონაში დაკლებაა საჭირო. მცირე მთავრობის შესახებ ჩვენი მთავრობა ლაპარაკობს, თუმცა სინამდვილეში მუშაობს მუდმივად მზარდი მთავრობის რეჟიმით. რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ამავე დროს ესმით, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩამოკიდებული მთავრობაზე პირდაპირ და ირიბად, მით უფრო მარტივი იქნება არჩევნებში შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, დრამატულად სხვა ხარჯების ფონზე უნდა ვიყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთლიანი სამთავრობო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე ჩამოვიყვანოთ, თან იმ პირობებში, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის ხარჯები გავზარდოთ. ესენი პირიქით აკეთებენ, თავდაცვის ნაწილში ხარჯებს აკნინებენ და სხვა ნაწილში ზრდიან. გასაკეთებელი არის აბსოლუტურად საპირისპირო, მკვეთრად გასაზრდელია თავდაცვის ხარჯები, თუმცა დრამატულად არის შესამცირებელი სხვა ხარჯები", - აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები