სამთო მოპოვების გლობალური ინდუსტრია დიდი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გარიგება მზადდება, რომელსაც შეუძლია სამთო მოპოვების ბიზნესი ერთხელ და სამუდამოდ შეცვალოს. შერწყმას ორი გიგანტი, $103-მილიარდად შეფასებული ბრიტანულ-ავსტრალიური Rio Tinto და $55-მილიარდად შეფასებული შვეიცარიული Glencore-ი განიხილავენ. თუ ეს ტრანზაქცია მართლაც შედგა, სამთო მოპოვების ბაზარზე ავსტრალიური BHP-ის ტოლსწორი მოთამაშე გაჩნდება.
თუკი Rio Tinto და Glencore-ი მართლაც გაერთიანებიან, გარიგება ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება, მაგრამ ამ მასშტაბის გარიგებები, როგორც წესი, მარტივად არ სრულდება, რადგან მარეგილირებლების მხრიდან არაერთი დასტურის მიღება არის საჭირო. ამასთან, ასეთი გარიგება რთულია სტრუქტურულადაც, რადგან ორივე ზემოხსენებული კომპანია მრავალპროფილური ჰოლდინგია, რომელიც სამთო მოპოვების და ბუნებრივი წიაღისეულის ინდუსტრიის ბევრი მიმართულებით ოპერირებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, Glencore-ის ქვანახშირის ბიზნესით Rio Tinto აღარაა დაინტერესებული.
საქმე ისაა, რომ Glencore-ი ქვანახშირის უდიდესი მიმწოდებელია და თან, ნიკელს და თუთიას მოიპოვებს — მეტალებს, რომელთა ბაზრიდან Rio Tinto რამდენიმე წლის წინ გავიდა. ამასთან, Glencore-ის სპილენძის და კობალტის მადნები, უმეტესწილად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს, რაც ოპერაციულად ძალიან რთული ქვეყანაა, რომელშიც Rio Tinto არ ოპერირებს. კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არის კორპორაციული კულტურის მიმართულებითაც.
თავად ის ფაქტი, რომ Rio Tinto და Glencore-ი შერწყმას განიხილავენ უცნაური არ არის, რადგან ამ თემაზე გლობალური მედია ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა. ამასთან, ბოლო წლებში, მკვეთრად იმატა სექტორში გარიგებების რაოდენობამ, რაც გიგანტი მოთამაშეების მიერ მეტი ძალაუფლების კონცენტრირების მიზანს ემსახურება. თუკი ეს გარიგება შედგა, კომპანიები, რომლებიც სპილენძის უდიდეს რეზერვებს ფლობენ მსოფლიოში, გაერთიანდებიან და ასე, ბიზნესი მეტად ეფექტიანი გახდება, რაც, წესით და რიგით, დადებითად აისახება, როგორც კომპანიების შემოსავალზე, ასევე მოგების მარჟაზე.




























