"სამწუხაროა, რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო", - ასე ეხმაურება თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საქმეს, რომელიც ირწმუნება, რომ მისთვის ბიზნესის წართმევა სურთ.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
"გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება. სამწუხაროა, რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო.
ჩემს და გიორგის შემთხვევებში პროკურატურის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მომჩივნის ჩვენებას და არის კანონთან შეუსაბამო.
თუკი რამდენიმე თვის წინ ბიზნესს დაშინებით გააკეთებინეს "რუსული კანონის" მხარდამჭერი ერთნაირი და ერთდროული განცხადებები, გიორგის გამბედაობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ თავისუფალი ადამიანები ვისაც სისტემის არ ეშინიათ.
სწორედ შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა. აქედანვე გამომდინარეობს მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა.
საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა! ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში!", - წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.