საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადების გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მისთვის მიზეზი გაუგებარია.
შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ელჩმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო იყო მიზეზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-ს არ სურს ამ პოზიციაში ყოფნა, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის წინაპირობა მმართველი პარტიის წევრების საჯარო განცხადებები გახდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობების ხელახლა ბალანსირება მოხდება.
„რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, ამ კონტექსტში მოხდა ღირსეული პარტნიორის გადადება, იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს მმართველი პარტიის გარკვეული წევრებისგან აშშ-ზე და ამ ქვეყანაში ჩვენი განზრახვების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ურთიერთობების ხელახლა ბალანსირება“,- აღნიშნა ელჩმა.