მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამწუხაროდ, არ არის ბიზნესის აქტივობა“ - რამდენს აქვს ავტორიზებული ეკონომიკური აგენტის სტატუსი საქართველოში?

სამსონ ურიდია

საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „DCFTA-ით“ გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილია. ეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს, რომელიც საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.

ეს სტატუსი კომპანიებს გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას მცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით სრულდება.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ეს სტატუსი საქართველოში მხოლოდ 8 კომპანიას აქვს.

„8 ეკონომიკური ოპერატორი გვყავს ამ სტატუსის მქონე. არ არის სამწუხაროდ აქტივობა. აქაც იგივე პრობლემა გვაქვს, რადგან საბაჟოზე არის ყველაფერი გამარტივებული, ყველაფერი წუთებში ხორციელდება, ელექტრონულად ხორციელდება, დისტანციურად. ძალიან დაბალი ინტერესია ავტორიზებული ეკონომიკური აგენტის სტატუსი მიიღოს ეკონომიკურმა ოპერატორმა.

ეს არის ზუსტად იმ მოწიფულობისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ზუსტად ის საფეხური, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროკავშირს. ევროკავშირს სურს დაინახოს წინასწარ განჭვრეტადი და სანდო ოპერატორი, რომელსაც აქვს იმის უნარი, ისტორია კეთილსინდისიერების, აქვს ნდობის მაღალი ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე არ კონტროლდება, როგორც ჩვეულებრივი ეკონომიკური ოპერატორი.

ევროკავშირი იცით რას გვეუბნება? 8 ოპერატორი თუ გყავთ, მაშინ ურთიერთაღიარების ინტერესი სად არის? რა მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ქვეყანამ, რომელსაც აქვს 8 სტატუსის მქონე ოპერატორი. ე.ი არ გაქვთ ინტერესი. როცა გექნებათ საკმარისი რაოდენობა, მაშინ მობრძანდით და მაშინ გავიგებთ, რომ გაქვთ ინტერესი და შევეცდებით ეს მოლაპარაკება დავიწყოთ“,- აცხადებს BM.GE-სთან შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სამსონ ურიდია.

კერძო სექტორის შეფასებით კი, მთავარი პრობლემა, რის გამოც ბიზნესი არ აქტიურობს, შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობაა.

„ინფორმაციის ნაკლებობაა მთავარი მიზეზი. რა თქმა უნდა ყველა კომპანიამ შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც არის წაყენებული ავტორიზებული ოპერატორის მიმართ, მაგრამ პოტენციურად ბევრი კომპანია უნდა იყოს საქართველოში, ვისაც ეს სტატუსი ალბათ უნდა აინტერესებდეს. მეტი ინფორმირებულობა ამ საკითხის ირგვლივ, ალბათ კიდევ უფრო მეტ ინტერესს გააჩენს ამ სტატუსის მიმართ“,- აცხადებს დავით პაპიაშვილი, "კრესტონ პაპიაშვილის" მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები