ევროკავშირის 2024 წლის ბიზნესის კლიმატის შეფასების თანახმად, საქართველოში სამუშაო ძალის მიგრაცია კერძო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ წამყვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს კიდევ უფრო აძლიერებს.
ბიზნესის კლიმატის შეფასების ანგარიში ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) მოამზადა და ის ქვეყანაში მოქმედი 200-მდე ბიზნესის გამოკითხვას ეფუძნება. საქართველოს შრომითი ბაზრის გამოწვევებს შორის ბიზნესი შემდეგ საკითხებს ასახელებს:
- ემიგრაცია და სამუშაო ძალის საერთო დეფიციტი - 66%
- სუსტი პროფესიული განათლება - 65%
- კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო სფეროს შორის სუსტი თანამშრომლობა - 33%
- სუსტი უმაღლესი განათლება - 24%
- სუსტი საწყისი განათლება - 22%
"საქართველო შრომითი ბაზრის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა მაღალი ემიგრაციის, უნარების დეფიციტისა და რესურსების არასწორი გადანაწილების გამო. კომპანიები იბრძვიან კვალიფიციური მუშახელის შენარჩუნებისთვის, რადგან დასაქმებულები უკეთეს შესაძლებლობებს საზღვარგარეთ ეძებენ. ამასთან მუშახელის ნაწილი კვლავ დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში რჩება.
რესურსების არასწორი გადანაწილება შეიძლება შემცირდეს გადამზადების პროგრამების საშუალებით, რომლებიც დაეხმარება მუშაკებს უფრო პროდუქტიულ პოზიციებზე გადასვლაში, მათი შემოსავლების გაზრდასა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. თუმცა, სოციალური დახმარების სისტემის ნაკლოვანებები, შეზღუდული კარიერული დაგეგმვა და მაღალი მუშახელის მიგრაცია ართულებს კადრების შენარჩუნებას.
სამუშაო ძალის განვითარების პროგრამები, უწყვეტი გადამზადება და მიზნობრივი რეკრუტირების მცდელობები აუცილებელია ბიზნესებისთვის, რათა ადაპტირდნენ და კონკურენტუნარიანები დარჩნენ შრომითი ბაზრის დინამიკური ცვლილებების ფონზე,"- ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება კვლევის სხვა მიგნებებს, უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში - პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა - EU-ის ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე