თელ-ავივში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა შეურყევლად განაგრძობს ისრაელის მხარდაჭერას და მის დაცვას.
„ისრაელი იმდენად ძლიერია, რომ მას დამოუკიდებლადაც შეუძლია თავის დაცვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სანამ ამერიკა იარსებებს, ეს არ მოგიწევთ და ისრაელი არასოდეს იქნება მარტო. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, ისევე როგორც ადრე“, - განაცხადა ბლინკენმა.
სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა ასევე ისაუბრა ისრაელისთვის გამოყოფილ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ პირველი ტრანში უკვე მიღებულია, დახმარების მეორე პაკეტი კი გზაშია.
ენტონი ბლინკენი ისრაელში დღეს, 12 ოქტომბერს ჩავიდა და ის რეგიონის მასშტაბით დიპლომატიური ტურნეს გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებში ის იორდანიისა და პალესტინის ლიდერებსაც შეხვდება. თეთრი სახლის განმარტებით, ბლინკენის ვიზიტი დიპლომატიურ მიზანს ემსახურება და ამერიკას კონფლიქტის განმუხტვა სურს.