მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანამ მთავრობა დაკვირვების რეჟიმშია, დღეში 30 000 ტურისტს ვკარგავთ - შალვა ალავერდაშვილი

602ba54ea4bf7
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.21 19:42
861
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გადაწყვეტილებები 7-10 დღიან პერიოდში მიიღება, რადგან სპეციალისტები აკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ცალკეული ბიზნეს საქმიანობების ამუშავების შედეგად, შესაძლოა, შეიცვალოს. თავის მხრივ, ბიზნესს, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორს ოპერირებისთვის მეტი სიცხადე სჭირდება, რათა თავისი საქმიანობა დაგეგმოს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში კვლავ ტურიზმის წარმომადგენლები რჩებიან. 

შედარებით, განსხვავებულად აფასებენ ვითარებას ხელისუფლებაში. მაგალითად, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად და მათ შორის გამოყოფს იმ წესებს, რომლითაც ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორებს შემოსვლა შეუძლიათ, დღეს ბიზნესი გაურკვევლობაში აღარაა, რაც პოზიტიურია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ "იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი და იყო კმაყოფილი იმ შედეგით, რაც 1 წლის განმავლობაში დაიდო, რთულია". 

თავის მხრივ, სამთავრობო გუნდის დამოკიდებულებასა და შეფასებებს არ იზიარებს ინდუსტრიის წარმომადგენელი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი და BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვების რეჟიმში მყოფი ქვეყანა ყოველდღიურად 30 000-მდე ტურისტს კარგავს.

"ტურისტებს ვერ ვპასუხობთ, როდიდან გქვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამიტომ ყოველდღიურად 30 000 ტურისტს ვკარგავთ, ზაფხულში რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, იმ ტურისტებს ვკარგავთ, რადგან მათ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს; ისინი დღეს სხვა ქვეყნებში გეგმავენ მოგზაურობას, ხვალ კიდევ 30 000 ტურისტს დავკარგავ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეს გაუგებარი მდგომარეობა გვექნება. ის ადამიანები, ვისაც ჩვენთან ჩამოსვლა უნდა, ახლა ირჩევენ სად წავიდნენ ზაფხულში. გვირეკავენ და პასუხს ვერ ვცემთ. მთავარი ის არის, რომ დაუგეგმავი გვაქვს ყველაფერი. გუშინ, 15 თებერვალს მინისტრმა (ნათია თურნავა) კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ უნდა მოვითხოვოთ მათგან პასუხი როდის გავიხსნებით, რადგან მდგომარეობას აკვირდებიან. სანამ მთავრობა დაკვირვების რეჟიმშია, დღეში 30 000 ტურისტს ვკარგავთ“, - აცხადებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი.

შალვა ალავერდაშვილს მაგალითად თურქეთის ტურიზმის აქტივობა მოჰყავს და ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად უკვე მარკეტინგული კამპანიებია დაწყებული, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

„სხვადასხვა ქვეყნებს ჩვენ თვითონ ველაპარაკებით, რადგან ჩამომსვლელებს კარგი ალტერნატივა აქვთ თურქეთის სახით. თურქეთის კერძო სექტორი დათანხმდა სეზონი დაიწყოს პირველი აპრილიდან, იმდენი ჯავშნები აქვთ, რომ ეს ეკონომიური საქმიანობის დაწყებას ნიშნავს. სეზონის დაწყება ჩვენთან კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თურქეთში კი არასეზონურ პერიოდში ბიზნესები გადასახადებს არ იხდიან და მხოლოდ მაშინ იწყებენ გადახდას, როდესაც სეზონი იწყება. თურქეთში ზაფხულის სეზონი 1 მაისიდან იწყება ხოლმე და წელს იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ბიზნესი თანახმაა,  გადასახადების გადახდა 1 აპრილიდან დაიწყოს“, - ყვება შალვა ალავერდაშვილი.

BM.GE-ის კითხვაზე რისი გაკეთება შეუძლია დღე სახელმწიფოს და ბიზნესს იმისთვის, რომ ტურიზმი ამოქმედდეს, ინდუსტრიის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს, უპირველეს ყოვლისა, მთავარი სიცხადეა - როგორ და როდიდან შევძლებთ ტურისტების მიღებას. ის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს:

„იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს პროაქტიული, მჭირდება ცოდნა - როდიდან გავაქტიურდე, ეს არ ვიცი. ვიაქტიურო და ვირბინო აქეთ-იქით ბორბალში ჩასმული თახვივით. სახელმწიფო და ბიზნესი ერთდროულად უნდა გააქტიურდეს, რომ ქვეყანა გავავსოთ ტურისტებით და ჩვენ რას ვაკეთებთ, ერთ წინადადებას ვიძახით, რომ „ვაკვირდებით“. ველოდებით ინფორმაციას - როდიდან გავაქტიურდეთ“, - განაცხადა ჰოტელიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები