საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევრის გიორგი ბადრიძის შეფასებით, „სანამ პროდასავლური კურსის იმიტაცია შეიძლებოდა, ხელისუფლება ამას აკეთებდა“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მმართველი ძალის მიერ „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნების ლოგიკაზე საუბრისას განაცხადა.
დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ევროპული მომავლის გადახაზვის საკითხი ასე ღიად არცერთ ხელისუფლებას არ დაუყენებია.
- ეს რეალობაა, 2030 წელს, შეიძლება, ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ერთადერთი, რასაც ჩვენგან ამისთვის მოითხოვენ, არის იმ წესებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებიც გააჩნია ევროკავშირს და ნატოს. ეს არაა ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ჩვენს მიერვე განცხადებულ ფასეულობებს და წესებს. ჩვენს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლის ვალდებულებაა, გააკეთოს ყველაფერი, რომ განხორციელდეს ინტეგრაცია. საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად არის ჰარმონიზებული ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებთან. ჩვენი ისტორიული ძირძველი ტრადიციებიც, ქრისტიანული ფასეულობებიც არის საფუძველი, რასაც დღეს ეწოდება ევროპული ფასეულობები. ასე რომ ჩვენგან არაფერს მოითხოვენ ისეთს, რამაც უარი უნდა გვათქმევინოს რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანსა და ფასეულზე. ამ დროს, ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად დგამს ნაბიჯს, რომელსაც უკვე ნაკლები დიპლომატიურობით, ღიად ეუბნებიან, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს შანსს, გახდეს ევროკავშირის წევრი და მაგალითად, კონკრეტულად წლის ბოლოს გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ.
- ამასთან, ისიც ფაქტია, ეს არის მმართველი ძალა, რომლის დროსაც საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა, უვიზო რეჟიმი მიიღო ქვეყანამ და შარშან უკვე კანდიდატის სტატუსიც... ამ ისტორიულ თარიღებს ხშირად ახსენებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკის საპირწონედ, მაგრამ ახლა, „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნების ლოგიკას ხედავთ?
- მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი - 2014 წელს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის და ხელშეკრულების შეთანხმებას, რომელიც არ შეასრულეს; ასოცირების შეთანხმება რომ შეესრულებინათ, საქართველო 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებდა. მეორე - DCFTA იყო ევროკავშირის მიერ მოცემული შესაძლებლობა, რათა საქართველო საგარეო ვაჭრობით უფრო მჭიდროდ დაკავშირებოდა ევროპულ ბაზარს, სადაც შესვლას ყველა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ოცნებობს. გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა?! ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხომ არ გახდა რუსეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი?! შესაბამისად, როგორც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და შარშან მოცემული კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იყო ჩვენ წასახალისებლად, რათა გაგვეგრძელებინა რეფორმები, მოგვეხდინა ჩვენი კანონმდებლობის, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ევროკავშირთან ჰარმონიზება. დიდი სჯა-ბაასის და წვალების შედეგად, ევროკავშირში გადაწყვიტეს, რომ გარდა თანამშრომლობისა, შემოგვთავაზონ წევრობა. როგორ იქცევა ამ დროს მმართველი ძალა? - სანამ პროდასავლური კურსის იმიტაცია შეიძლებოდა, ხელისუფლება ამას აკეთებდა. ეს ყველაფერი იყო იმიტაცია და როცა საქმე საქმეზე მიდგა და ევროკავშირმა გვითხრა - დიახ, მიგიღებ და ამისთვის შენ ესა და ეს გაქვს გასაკეთებელი, აღმოჩნდა, რომ რეფორმები, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ა.შ. პირდაპირ ეწინააღმდეგება ოლიგარქის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ ინტერესის გამო, ის სრულად მზადაა, საქართველოს ევროპულ მომავალს ღიად დაუპირისპრდეს.