რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილის სერგეი ალექსაშენკოს შეფასებით, სანქციების ეფექტიანობა რუსეთის ეკონომიკაზე ნელ-ნელა ვლინდება.
ამის შესახებ მან რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუში უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტიანობაზე საუბრისას განაცხადა. რუსი ეკონომისტის აზრით, სანქციებს შორის რუსეთისთვის ყველაზე მძიმე ტექნოლოგიური მასალების ყველა შესაძლო შეზღუდვაა.
„დღეს არსებული სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს, არის ძალიან მკაცრი, ეს სანქციები ბევრად ძლიერია, ვიდრე 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. დღეს არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას ბევრად სერიოზულ ზარალს აყენებს, ვიდრე 8 წლის წინ.
უბრალოდ, საჭიროა გავიგოთ ის, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან დიდი მექანიზმია და დიდ სანქციებსაც კი არ შეუძლიათ მყისიერი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ეს არ არის სარაკეტო დარტყმა, რომლის გამოყენების დროს მყისიერად ნადგურდება მიზანი. სანქციების ეფექტიანობა ნელ-ნელა, რამდენიმე ეტაპად ვლინდება რუსეთის ეკონომიკაზე. პირველი ეტაპი, რომელიც უკვე სახეზეა - ეს არის ინფლაციის მკვეთრი ზრდა. ინფლაციამ მყისიერად დაიწყო ზრდა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ 2014 წელს ინფლაციის 4%-მდე დაწევა რომ მომხდარიყო, 6 თვე გახდა საჭირო. დღეს კი, სანქციების პირველივე კვირიდან ყოველთვიურმა ინფლაციამ 8%-ს გადააჭარბა. ყველაზე სერიოზულ სანქციებზე თუ ვისაუბრებთ, აქ, რა თქმა უნდა, რუსეთში ტექნოლოგიური მასალების ყველა შესაძლო შეზღუდვებს გამოვყოფდი, რადგან რუსეთსა და მსოფლიო გლობალურ ეკონომიკას შორის ტექნოლოგიური ურთიერთობების გაჩერება ყველაზე მძიმეა რუსეთის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა სერგეი ალექსაშენკომ.




























