საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში უკრაინასთან ომის დაწყების გამო დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გავლენების შესახებ ისაუბრა.
SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან ზოგიერთი რუსული ბანკის გაძევების გამო, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს საბანკო სექტორს შეეზღუდა SWIFT-ის სისტემის საშუალებით სანქცირებულ ბანკებთან გადარიცხვების განხორციელება.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, SWIFT-ის სისტემა არ არის ერთადერთი გზა საერთაშორისო გადარიცხვების განსახორციელებლად და შესაძლებელია მისი ალტერნატივის შექმნა, თუმცა SWIFT-ის გვერდის ავლით სანქცირებულ რუსულ ბანკებთან ურთიერთობისგან თავს ყველა კომერციული ბანკი შეიკავებს.
„სანქცირებულ ბანკებთან ახალი სისტემების აწყობას ყველა არსებული კომერციული ბანკი მოერიდება", - თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და სწრაფად ადაპტირდება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებსა თუ ახლად დაწესებულ სანქციებზე.




























