აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტი დაწესებულ სანქციებზე შესაძლო კითხვებსა და პასუხებს ავრცელებს:
ვინ არიან პირები, რომლებზეც შეზღუდვები ამოქმედდა?
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე
ეს სანქციებია?
ეს არის სავიზო შეზღუდვები ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) სახელმწიფო დეპარტამენტის წესის შესახებ, რომელიც სანქცირებულ პირებს (და მათ ოჯახის წევრებს) აშშ-ში შესვლას უზღუდავს, რომლის საფუძველიც გახდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირები კორუფციაში არიან ჩართული.
რა შედეგები მოჰყვება ამას?
აღნიშნულს პირებს და მათი ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ეზღუდებათ.
უნდა ველოდოთ მეტ შეზღუდვას ან სანქციას?
აშშ-ი წინასწარ არ ახდენს შეზღუდვების ან სანქციების გადახედვას.
სანქცირებულ პირებს აშშ-ში შესვლა მთელი ცხოვრებით აეკრძალათ თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში?
აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ვადა. 7031(c) წესი ითვალისწინებს უარის თქმას და გამონაკლისებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, ინდივიდის შემოსვლა დაიშვას.
ინდივიდების კორუფციაში ჩართულობის რა კონკრეტული მაგალითები არსებობს?
სახელმწიფო მდივანს აქვს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანიშნული პირები მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო თანამდებობებთან. მათმა კორუფციულმა ქმედებებმა შეარყია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესები საქართველოში.
საიდან მოიპოვა შეერთებულმა შტატებმა ეს ინფორმაცია?
ინფორმაცია გროვდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ღია წყაროებიდან. მოპოვებული იქნა სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ საჯარო თანამდებობებს კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობით, რომელიც ძირს უთხრის სასამართლო და საჯარო პროცესებს, სთავაზობდნენ სარგებელს ან/და აიძულებდნენ მოსამართლეებს გადაეწყვიტათ საქმეები პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლოდ და მანიპულირებდნენ სასამართლო დანიშვნებით მათ სასარგებლოდ.
გაუზიარებთ თუ არა თქვენს მტკიცებულებებს პროკურატურას, რათა ხელი შეეწყოს მათ სამართლებრივ დევნას?
ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია აკმაყოფილებს აშშ-ის კანონმდებლობით მოთხოვნილ სტანდარტებს, რათა მათ შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალოთ. ხოლო კორუფციის საქმეების გამოძიება საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია.
რატომ წესდება ეს შეზღუდვები ახლა?
პრეზიდენტმა ბაიდენმა დემოკრატიის ბოლო სამიტზე განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კანონის უზენაესობის გაძლიერება მნიშვნელოვანია თითოეული დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ამ უფლებამოსილებისა და ყველა შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიოში.