მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანქცირებულია "VTB ბანკი საქართველოც" - ის აშშ-ის გავლით დოლარს ვეღარ მოემსახურება

6217e8faf1eeb
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 00:28
2975
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედება და განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს რუსულ ეკონომიკას. 

სანქციების პაკეტში საუბარია ბიზნესის დოლარსა და ევროში კეთების შეზღუდვაზე, ასევე რუსული ბანკების აქტივების გაყინვასა და რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიური საქონლის მიწოდების აკრძალვაზე. აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დღეს გამოცხადებული სანქციების დეტალური აღწერა, დოკუმენტის მიხედვით, სანქცია შეეხება საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის შვილობილსაც "ვითიბი ბანკ საქართველოს", რომელსაც აშშ-ის საფინანსო სისტემის გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესულება აეკრძალება. ასევე უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე VTB-ის და მისი შვილობილი ორგანიზაციების კუთვნილი სახსრები დაიბლოკება.

"ავტორიზებას ვახდენ ახალი სანქციების პაკეტის, რომელიც რუსეთს საკმაოდ მძიმე დაუჯდება. ეს შეეხება იმ საქონლის ჩამონათვალს, რისი ექსპორტიც შეიძლება რუსეთში განხორციელდეს; სანქციები შევიმუშავეთ ისე, რომ მაქსიმალური იყოს მათი გავლენა რუსეთზე და მინიმალური აშშ-სა და მის მოკავშირეებზე. აშშ არ აკეთებს ამას მარტო, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან და მთლიანობაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკის მოცულობა გლობალური ეკონომიკის ნახევარზე მეტია.

ჩვენ მათ შევუზღუდავთ ბიზნესის დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინსა თუ იენში კეთებაზე.

ჩვენ უკვე ვიხილეთ ეფექტი, რაც ამას რუბლზე ჰქონდა, რომელიც დღეს ისტორიულად გაუფასურდა, რუსული საფონდო ბირჟა ჩამოიქცა, მათ მთავრობას კი ვალის მოზიდვა 15%-ით გაუძვირდა.

დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსულ ბანკებს, რომელთა აქტივებიც 1 ტრილიონს აღემატება.

ჩვენ უმსხვილეს რუსულ ბანკებს ჩავკეტავთ ფინანსური სისტემიდან, ასევე კიდევ 4 მსხვილ ბანკს ჩავსხნით საფინანსო სისტემიდან. ეს ეხება VTB ბანკს, რომელიც რუსეთში მეორე უმსხვილესი ბანკია, რომელსაც 250 მილიარდის აქციები ეკუთვნის.

სიას ემატება რუსული ელიტებიც, ჩვენ შემდგომ დღეებში კიდევ დავამატებთ ოლიგარქების სიას. სამშაბათს ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების პირველი ნაწილი, ახლა ვაცხადებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე, კომპანიებზე, რომელთა ჯამური აქტივებიც 1.4 ტრილიონს აღემატება.

ეს სანქციები შედეგებს დროთა განმავლობაში გამოიღებს. მთლიანობაში რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების იმპორტს გავანახევრებთ, დარტყმას მივაყენებთ მათ სამხედრო ინდუსტრიას, მათი გემთმშენებლობის სექტორს,"- განაცხადა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები