მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების მიუხედავად, რუსი მილიარდერების ქონება იზრდება

რუსი მილიარდერები

2024 წელი უმდიდრესი რუსი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა. Bloomberg-ის გამოთვლებით, გასული 12 თვის განმავლობაში მათი ქონების შეფასება ჯამურად დაახლოებით 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გასულ 2023 წელს ისინი დამატებით 50 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ.

თუკი Bloomberg-ს დავუჯერებთ, წელს საუკეთესო შედეგი ვლადიმირ ლისინს აქვს, მისი ქონების შეფასება 5 მილიარდ 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად $29 მილიარდს შეადგენს. ბატონი ვლადიმირის სიმდიდრე ფოლადის საწარმოს უკავშირდება.

წელს გამდიდრებულებს შორის მეორე ადგილზე ალექსეი მორდაშოვს ვხედავთ, რომელმაც 12 თვეში 4 მილიარდ 500 მილიონი დოლარი იშოვა. საერთო ჯამში, 58 წლის ბიზნესმენი 25 მილიარდ 400 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, მისი სიმდიდრის წყარო კი ასევე ფოლადის უდიდესი საწარმოა.

ბედს არ უჩივის ჩვენთვის კარგად ცნობილი მიხაილ ფრიდმანიც, მისი ქონების შეფასება წელს 2 მილიარდ 820 მილიონით გაიზარდა და ის ამჟამად 15.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მისი სიმდიდრის წყარო Alfa-Group-ია.

სადაც ლისინსა და მის ამხანაგებს ვახსენებთ, იქვე ქვეყნის უმდიდრეს მეწარმეებზეც უნდა ვისაუბროთ, უფრო სწორად, ოლიგარქებზე, რადგან მათი სიმდიდრე არაფერ კავშირშია სამეწარმეო საქმიანობასთან.

Bloomberg-ის შეფასებით, ყველაზე მეტ ქონებას, ტრადიციულად, ვლადიმირ პოტანინი ფლობს, რომლის სიმდიდრე 31.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პოტანინი რუსეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Interros-ის თავმჯდომარეა, რომელიც ყიდის ყველაფერს, რაც ბუნების წიაღში მოიპოვება.

მეორე ადგილზე ამჟამად ლისინია, რომელიც წელს რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა.

რეიტინგში მესამე ადგილზე ვაგიტ ალეკპეროვს ვხედავთ, წარმოშობით აზერბაიჯანელ ბიზნესმენს 27 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ქონებაზე მიუწვდება ხელი. მისი გამდიდრება კი ყველასათვის კარგად ცნობილ Lukoil-ს უკავშირდება.

საერთო ჯამში, ვხედავთ რომ თითქმის ყველა რუს მილიარდერსა თუ ოლიგარქს კარგად აქვს საქმე, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული ყოველი მათგანის სიმდიდრე ქვეყნის ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული. როგორც იცით, რუსეთში ფულს სწორედ ის შოულობს, ვინც ბუნებრივ რესურსებს ყიდის.

უფრო მეტიც, არა მარტო მილიარდერების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციაზე დგას. უფრო კონკრეტულად, მთლიანი შიდა პროდუქტის 60% ნავთობის და გაზის ექსპორტზე მოდის; მთავრობის საბიუჯეტო შემოსავლებში კი ენერგორესურსების წილი 70%-ს აჭარბებს.

მართალია, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე ორ წელიწადზე მეტია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთმა სანქციების 15 პაკეტიც დაამტკიცა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი პუტინის ომის მანქანის შესაჩერებლად და უმდიდრესი ელიტის შესაწუხებლად, რადგან ვხედავთ, რომ მათ საქმე ცუდად ნამდვილად არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი ახლა იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები