მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციებმა გარკვეული შესაძლებლობა მოგვცა - ეს არის საწარმოების რეალოკაცია“ - ჩინეთში ექს-ელჩი

დიპლომატი

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით აფციაური საქართველოში ჩინური ინვესტიციებით საწარმოების შექმნის პოტენციალზე საუბრობს. 

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ყოფილმა ელჩმა აღნიშნული პოტენციალის რეალიზების როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა.

დავით აფციაური ყველაზე მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალის დეფიციტს ასახელებს.

რაც შეეხება შესაძლებლობებს, ჩინეთში 2014-2018 წლებში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ორი ფაქტორი გამოყო, რაც მისი აზრით, ჩინური ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

„საქართველო-ევროკავშირს შორის როცა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ მოქმედებდა, ჩინეთს საქართველოში, წარმოების სფეროში ინვესტირების ნაკლები მოტივაცია ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყნის ბაზარი ძალიან მცირეა. გარდა ამისა, პრობლემა არის იმაშიც, ჩინელ პარტნიორებთან ალბათ ბოლომდე ეფექტიანად ვერ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და ძირითადად, ორიენტირებული ვიყავით ტურიზმის, სერვისების თუ საფინანსო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ნაკლებად, მაგალითად, საწარმოების შექმნაზე,  რასაც ჩინეთი ყაზახეთში თუ  სხვა მეზობელ ქვეყნებში ახორციელებს.

წარმოების სფეროში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,  გლობალურმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, გარკვეული შესაძლებლობა მოგვცა - ეს არის  საწარმოების რეალოკაცია. ჩინეთს ინტენსიურად გადააქვს საწარმოები, მართალია, სამეზობლოში - ვიეტნამში, ბანგლადეშში, მალაიზიაში, მაგრამ უკვე ფიქრობენ შორეულ ქვეყნებზეც და ჩემი აზრით, ახლა გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა თანამშრომლობის გაღრმავების, რაც იოლი პროცესი არაა, მაგრამ  შესაძლებელია”, - განაცხადა დიპლომატმა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში

2017 წელი - $19,4 მლნ
2018 წელი - $76 მლნ
2019 წელი - $44,8 მლნ
2020 წელი - (-$35 მლნ)
2021 წელი - (-$27,9 მლნ)
2022 წელი - $43,7 მლნ 
2023 წელი (6 თვე) – $17,4 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები