პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საპარლამენტო ოპოზიცია „გირჩის“ ინიციატივა, რომლის თანახმად, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულება გაუქმდება. მიღებული ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
“საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს, 85 - ხმით, 22 - წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
ინიციატივა "გირჩმა" დაარეგისტრირა და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ მას მხარს დაუჭერდა.
რაც შეეხება კანონს, რომელმაც ძალა დაკარგა, გულისხმობდა, რომ გენდერული კვოტირების სისტემა 2032 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.
2020 წელს "გირჩმა" კვოტირების ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და პარლამენტის პროპორციულ პარტიულ სიებში ქალების 25%-იანი კვოტები ძალაში დატოვა.