მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში არ უნდა მონაწილეობდეს - საგანელიძე

61a898230e645
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.21 21:00
982
“საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ფონდი მომავალში ახალ პროექტებში შესვლის დროს, ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებაში მონაწილეობას აღარ უნდა იღებდეს. ამის შესახებ საგანელიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ჰიდროპროექტების ნაცვლად, აქცენტი მზის და ქარის სადგურებზე, ასევე წყალბადის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს.

“რეფორმირებული ფონდის სახელით ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა გიპასუხებთ დღევანდელი “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის სახელით. გეტყვით, რომ ჰიდროელექტროსადგურების თუ სხვა სადგურების მშენებლობაში საპარტნიორო ფონდი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას და ეს არის ენერგეტიკის ფონდის გადასაწყვეტი საკითხი. რაც შეეხება მწვანე ენერგიის პროექტებს ეს შეიძლება იყოს ისეთი პროექტები, როგორიცაა მზის, ქარის თუ წყალბადის პროექტები,” - ამბობს დავით საგანელიძე.

თუმცა ფონდი 2015 წლიდან მონაწილეობს “ნენსკრაჰესის” პროექტში, რომლის მშენებლობაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, თუმცა 6 წელზე მეტია გასული და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე საზოგადოების პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაჩერების გამო შეჩერებულია. ბოლო მონაცემებით, პროექტის დასრულების შესაძლო თარიღმა 2027 წლისთვის გადაინაცვლა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

“საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ პროექტის განვითარება გაჩერებულია.

“ნამახვანის მსგავსი პრობლემები გაუჩნდა ნენსკრას. ნენსკრა, რომელზეც თავიდან გარემოსდაცვითმა სტრუქტურებმა მოითხოვეს გაჩერება, იმიტომ რომ იქ ფოცხვერი ნახეს და წელიწადნახევარი პროექტი გაჩერებული იყო. შემდეგ ეს ზონა შედის ე.წ. ზურმუხტის კონვენციაში ჩადებულია, რომ აქ გარკვეული მიმართულებები არ უნდა გაკეთდეს და წელიწადნახევარი შვეიცარიაში ზურმუხტის კონვენციასთან ხდებოდა საკითხების გარკვევა. ახლა რატომ არის გაჩერებული ნურავის ნუ უკვირს. მე ვიტყოდი რომ შეჩერებულია. ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილებების მიმღები, ჩვენ ვართ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი,” - ამბობს საგანელიძე.

280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

"ნენსკრაჰესის" $1 მილიარდიანი პროექტი ვერ განხორციელდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები