საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ კომპანია “იმერეთი გრინერიში” გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 2021 წლის 24 მარტს დაიწყო. სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ პროცესის დაწყების განაცხადი თავად "საპარტნიორო ფონდმა" შეიტანა, რომელიც კომპანიის 37.65%-ს ფლობს. BMG-ის კომპანიის დირექტორმა დირკ ალევენმა განუცხადა, რომ კომპანიაში გაკოტრების პროცესის დაწყებისთვის არავითარი წინაპირობა არ იდგა და მათ "საპარტნიორო ფონდის" მიერ შესაბამისი პროცესის დაწყება სასამართლოშიც გაასაჩივრეს. BMG-იმ საკითხზე "საპარტნიორო ფონდს" მიმართა, ორგანიზაციამ კი დღეს "იმერეთი გრინერის" შესახებ საჯარო განმარტება გამოაქვეყნა:
საპარტნიორო ფონდის განცხადება "იმერეთი გრინერის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ:
"საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „იმერეთი გრინერის“ გაკოტრების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია თემის შესახებ. კერძოდ, „იმერეთი გრინერის“ მიმართ 2021 წლის 24 მარტიდან გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რაც არ ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას, არც გაკოტრების რეჟიმში გადასვლას. კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას, ყველა დასაქმებული ინარჩუნებს სამსახურს, ხოლო კომპანიის პროდუქცია კვლავ იყიდება ბაზარზე.
შეგახსენებთ, შპს „იმერეთი გრინერიმ“ 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება. მისი პარტნიორები საწყის ეტაპზე იყვნენ ფიზიკური პირები (მამუკა ხაზარაძე, ბობ მეიერი, ბადრი ჯაფარიძე და ლევან ბაღდავაძე), ასევე - ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია შპს. „Food ventures Georgia B.V“.
„საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობა კომპანიამ დაიწყო 2015 წლის 4 დეკემბერს, როდესაც „საპარტნიორო ფონდს“, შპს „იმერეთი გრინერსა“ და Georgian Fresh Holdings B.V-ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებას.
პროექტი გულისხმობდა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით კიტრის, პომიდვრისა და სალათის ფურცლის სასათბურე მეურნეობის შექმნას 3 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 3 ფაზად. დღეის მდგომარეობით, განხორციელდა მხოლოდ 2 ფაზა და სათბური გაშენებულია 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე. I და II ფაზების ჯამური საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 4.2 მლნ ევრო, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ ევროა.
დღეისათვის შპს „იმერეთი გრინერის“ წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად:
სს „საპარტნიორო ფონდი“ – 37.65%;
„Georgian Fresh Holdings B.V” – 62.35%.
შპს „იმერეთი გრინერი“ წლების განმავლობაში ვერ ასრულებდა პარტნიორთა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე არ შესრულდა 2017 წელს TBC capital-ის მონაწილეობით გამოშვებული ობლიგაციების მიზნობრიობით გათვალისწინებული სათბურის გაფართოების ვალდებულება, რაც ნეგატიურად აისახა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც კომპანია ვეღარ ახერხებდა მათ მომსახურებას. ამ ხნის განმავლობაში ფონდი კომუნიკაციაში იყო შპს „იმერეთი გრინერის“ მენეჯმენტთან, რომელსაც არაერთხელ წერილობით აცნობა არსებული დარღვევებისა და შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ფონდი მოითხოვდა აღნიშნული დარღვევების გამოსწორებას და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური გეგმის წარმოდგენას. „საპარტნიორო ფონდმა“ კომპანიას შესთავაზა ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის რამდენიმე მოდელი, მაგრამ მოვალემ უარი განაცხადა ამ შეთავაზებებზე. უფრო მეტიც, მიუხედავად ფონდის მცდელობისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „იმერეთი გრინერი“ თავს არიდებდა ყველა კრედიტორის შეკრებას და მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო თავად ვერ წარმოადგინა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც ყველა კრედიტორისთვის სამართლიანი იქნებოდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „Georgian Fresh Holdings B.V” არის მაჟორიტარული მოწილე, კომპანიის მართვას ახორციელებდა მათ მიერ დანიშნული მენეჯმენტი და მათვე ეკისრებოდათ სრული პასუხისმგებლობა კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. „საპარტნიორო ფონდი“ ზედმიწევნით იცავდა პარტნიორთა შეთანხებით გაწერილ ვალდებულებებს და არ ერეოდა კომპანიის ოპერატიულ მართვაში.
მრავალი მცდელობის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, 2021 წლის 25 იანვარს, ფონდმა შპს „იმერეთი გრინერის“ და კომპანიის პარტნიორს („Georgian Fresh Holdings B.V”) მოსთხოვა ფონდის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად დაფარვა და წერილობით აცნობა , რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა მიემართა სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, შპს „იმერეთი გრინერის“ აქვს ლიკვიდურობის მწვავე დეფიციტი და ვერ ემსახურება არსებულ ვალდებულებებს.
ზემოთ აღწერილი ყველა ვითარება ერთობლიობაში კომპანიის გადახდისუუნარობის გარემოების დადგომას ადასტურებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში თავად კომპანიის ხელმძღვანელს აკისრებს ვალდებულებას, აღძრას გადახდისუუნარობის საქმე, რათა ეცადოს კომპანიის გადარჩენას გადახდისუუნარობის რეჟიმით დადგენილი პრივილეგიების საფუძველზე და თავიდან აიცილოს კრედიტორებს შორის დისკრიმინაციული მიდგომა.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეს პროცედურა ემსახურება, ერთი მხრივ, კომპანიის კრედიტორების სამართლიან დაკმაყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ - კომპანიის ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „იმერეთი გრინერის“ მიმართ ყველა პროცენტის, პირგასამტეხლოს, საურავის დარიცხვა შეჩერდა სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების დღიდან. გარდა ამისა, კომპანიის ყველა ვალდებულება, რომელთა უდიდესი ნაწილი გამოხატული იყო უცხოურ ვალუტაში, დაფიქსირდება ლარში 2021 წლის 24 მარტის მდგმარეობით, რაც ამცირებს კომპანიის სავალუტო რისკებს. აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კრედიტორების (კრედიტორების მიერ არჩეული მომრიგებელი საბჭოს) მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მოხდება თუ არა კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა, გაკოტრება თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.
სს „საპარტნიორო ფონდი“ იმედს იტოვებს, რომ კომპანიის სხვა კრედიტორებთან ერთად, შესაძლებელი იქნება შეთანხმება ისეთ რეალისტურ გეგმაზე, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობიდან გაკოტრების რეჟიმში გადასვლას. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთი გეგმის განხორციელება დამოკიდებულია კომპანიის ყველა ძირითადი კრედიტორის ნებაზე,"- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
"იმერეთი გრინერის" დირექტორის დირკ ალევენის განმარტება წაიკითხეთ ბმულზე.