ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდი რეფორმირების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობ კომპანიად უნდა ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, რეფორმის პროცესში ფონდის სტრუქტურა შეიცვლება და მისგან რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) გამოვლენ, ხოლო ფონდი ფინანსურად მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მთავრობა ამჟამად სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობს და წლის ბოლომდე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება. ამასთან, გიორგი კაკაურიძე გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საპარტნიორო ფონდი საბიუჯეტო დოტაციაზე გადავიდეს.
“საპარტნიორო ფონდზეც გავრცელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პირობები. არაერთხელ გვითქვამს, რომ არ მოხდება ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსება.
ისეთი კომპანიები, როგორიცაა რკინიგზა და GOGC გამოვლენ ფონდიდან და იქნებიან იგივე სტატუსით, რომლითაც სარგებლობენ სხვა სახელმწიფო კორპორაციები. თავად ფონდი იქნება განსხვავებული მოდელით, თუმცა მიზანი არ იცვლება, რაც წარმოადგენს ინვესტიციების ხელშეწყობას. ამ კუთხით მან უნდა მოიზიდოს სხვა ინვესტორები რომლებიც მის აქტივებთან ერთად დამატებით რესურსებს მოიტანენ ქვეყანაში და უზრუნველყოფენ სხვადასხვა მიმართულებების საინვესტიციო დახმარებას. ფონდიც გაივლის რეფორმას და ის ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობ საწარმოდ ჩამოყალიბდება,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ინფორმაციისთვის, “საპრტნიორო ფონდი” უკვე რამდენიმე წელია რეფორმირების პროცესშია, თუმცა ამ დრომდე მთავრობას არ წარუდგენია პროექტი უშუალოდ რა სახე უნდა მიიღოს ამ ორგანიზაციამ. 2020 წელს ფონდიდან მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები ესკო და სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოვიდნენ, ფონდმა ასევე გაყიდა მინორირატული წილი “თელასშიც”, რის შემდეგაც მის შემადგენლობაში მხოლოდ რკინიგზა და GOGC დარჩნენ.




























