BDO-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტების დაფინანსება გარკვეულ რისკებს შეიცავს.
როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ს განუცხადა, მსგავსი ტიპის საინვესტიციო ინსტრუმენტებთან მიმართებაში არაერთი კითხვა არსებობს. მაგალითად, რამდენად განხორციელდება საბოლოოდ კონკრეტული პროექტი და ზოგადად, რამდენად მომგებიანი იქნება მსგავსი ტიპის ინვესტიცია.
შესაბამისად, მისი თქმით, მსხვილ პროექტებში საპენსიო თანხების ინვესტირებისას არაერთი საკითხი იქნება გასათვალისწინებელი.
“უნდა მიიმართოს თუ არა საპენსიო თანხები მსხვილ პროექტებში - ეს საკმაოდ რთული საკითხია და გარკვეულ რისკებს შეიცავს. შესაძლოა, მთავრობას ამ დანაზოგებით რაიმე საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტის აშენება სურდეს, თუმცა შესაძლოა, თანხების ხარჯვა არაეფექტურად მოხდეს ან საერთოდ ვერც განხორციელდეს პროექტი. ასევე საკითხავია, რამდენად იქნება სარგებლის მომტანი ასეთი ინვესტიცია. ბევრი კითხვაა - მაგალითად, თუკი ჩემს დაზოგილ 1000 ლარს სახელმწიფოს ვანდობ და ის ამ თანხას რომელიმე პროექტში ჩადებს, ასე უფრო მეტ სარგებელს მივიღებ თუ იმ შემთხვევაში, თუკი ამ თანხას კერძო აქტივების მმართველ კომპანიას ვანდობ. როდესაც არსებობს გრძელვადიანი ლარი, ყოველთვის დიდი ცდუნებაა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაიმე პროექტისკენ მიმართოს ეს თანხები. შესაბამისად, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამადიდებელი შუშით უნდა დავაკვირდეთ, რომელ პროექტებში ჩაიდება საპენსიო დანაზოგები და როგორ მოხდება მათი ხარჯვა”, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც, მაშინ როდესაც ამჟამად ამ კატეგორიის პორტფელის დანაზოგები მხოლოდ ფინანსურ აქტივებშია განთავსებული.