საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპენსიო გასაცემელზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერის პირობები მომავალ კვირაში განისაზღვრება.
ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის საპენსიო გასაცემელზე არსებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო ახალი ტენდერის მომზადების პროცესს და მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არსებულ კითხვებს შეეხებოდა.
ლევან დავითაშვილი, რომელიც ამ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ირწმუნება, რომ "პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა მხარეა ჩართული".
„გამჭვირვალობა ალბათ არის, რადგან კომისიაა შექმნილი, რომელშიც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. არის სამთავრობო წარმომადგენლობა და უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ვფიქრობ, პროცესი ძალიან გამჭირვალედ მიდის; ვფიქრობ, თითოეული სხდომის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარებს.
ბოლო გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ გაეკეთებინათ ბაზრის შესწავლა - ფასთა მოკვლევა, რომ ახალი ტენდერი გამოცხადებულიყო. ეს პროცესი ჩატარდა და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გვექნება კიდევ ერთი სხდომა, სადაც ახალი პირობები განისაზღვრება, რომლითაც ტენდერი გამოცხადდება. მათ შორის ბანკებთან იყო შეხვედრა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის. აქედან გამომდინარე მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთო, კერძოდ, სპეციალური უწყებათშორისი კომისია შექმნა, რომელიც სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე მუშაობს.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების მეშვეობით ახორციელებს. “ლიბერთი” ამ ექსკლუზიურ უფლებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა, ამ ტენდერში სხვა არცერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა.




























