მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს უცხოურ ფასიან ქაღალდებშიც დააბანდებს

6156ed99c0e76
ელენე გოგბერაშვილი
01.10.21 15:40
881
დღეს, საქართველოს საპენსიო სააგენტომ და "საქართველოს ბანკმა" სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს.

სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელების საშუალება ეძლევა.

"საქართველოს ბანკი" როგორც საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას უზრუნველყოფს. ასევე, ბანკი საოპერაციო პროცესებს, დამოუკიდებელ მონიტორინგს გაუწევს და საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სრულ მხარდაჭერას განახორციელებს.

როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე აცხადებს, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგი პროცესი მათ შორის უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების დაწყებაა, რაც მელიქიძის თქმით, მიმდინარე წელსვე განხორციელდება.

„კანონი რის საშუალებასაც გვაძლევს - 20% შეგვიძლია ავითვისოთ უცხოური ფასიანი ქაღალდების. უცხოურ ფასიან ქაღალდებში იგულისხმება წილობრივი ფასიანი ქაღალდები, აქციები და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ ლიმიტს.

მიდგომა არის ასეთი, რომ ჩვენ არ დავიწყებთ კონკრეტულად რომელიმე კომპანიის აქციების შეძენას, ჩვენ შევიძენთ ფონდს, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება გლობალურად და ამ ფონდის ინვესტირებით საპენსიო ფონდის მონაწილეები თავის დანაზოგებს გაშლიან გლობალურად რამდენიმე ვალუტაში და განვითარებულ/განვითარებად ეკონომიკებში.

მაგალითად, მორგან სტენლის გლობალურ ინდექსს ჰყავს თავისი ფონდი, რომელიც ამ ინდექსს ითვალისწინებს და სწორედ მსგავს ფონდებს ავიღებთ საინვესტიციოდ ანუ ჩვენი ტარგეტი საინვესტიციოდ იქნება საინვესტიციო ფონდები, რომლებიც გლობალურად ინვესტირებას ახდენენ სხვადასხვა აქციებში როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკებში“, - ამბობს მელიქიძე და დასძენს, რომ ფონდი აუცილებლად შეხედავს ასევე ყველა იმ ობლიგაციების ემისიებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

"საკმაოდ პროაქტიულები ვიქნებით. შევხვდებით ბიზნეს ასოციაციებში ქართულ კომპანიებს და ვეტყვით, რომ ჩვენ უკვე დეპოზიტარი გვყავს, შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ლიმიტებიდან გამომდინარე თითქმის ყველა ობლიგაციის და არამხოლოდ, ემისიებში და ამის მარკეტინგს მოვახდენთ. ვგეგმავთ მეტ პროაქტიულ კომუნიკაციას ბაზართან“, - ამბობს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად მომდევნო ტენდერს 2023 წლის შემოდგომაზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდის ზომა კი, 1.75 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის დაირცხული პროცენტი 200 მილიონ ლარს აღემატება. საპენსიო აქტივების სარგებელი 11%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები