საპენსიო სააგენტო იმ კომპანიების დაჯარიმებას გეგმავს, რომლებიც დასაქმებულებს არასრულად უხდიან საპენსიო შენატანს ან/და თანხას უქვითავენ დასაქმებულს, თუმცა მას შემდგომ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ.
გარდა ამისა, ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, დასაქმებულებს გაცდენილი პერიოდის განმავლობაში ჩასარიცხი თანხები აუნაზღაურონ.
„იდენტიფიცირებული გვყავს ისეთი კომპანიები, რომლებიც თავიანთი დასაქმებულების შენატანებს არასრულად ადეკლარირებენ ან ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც კომპანია დასაქმებულს უქვითავს 2%-ს, თუმცა საპენსიო ფონდში შესაბამის შენატანს არ ახორციელებს. ბუნებრივია, ეს ბევრი მიმართულებით პრობლემას წარმოადგენს.
ჩვენი მიზანია, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანების ინტერესები დავიცვათ და აღნიშნული პრობლემის პრევენცია მოვახდინოთ.
კანონპროექტში საუბარი არ არის მხოლოდ ჯარიმაზე, გარდა ამისა, ის გაცდენილი პერიოდი, როცა დამსაქმებელმა დასაქმებულს კონტრიბუციები არ ჩაურიცხა, ბუნებრივია, კომპანიამ უნდა აუნაზღაუროს“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი დანელიამ „ანალიტიკის“ ეთერში.
ჯარიმის ზუსტი მოცულობისა და კანონპროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საჯარო არ არის.
დანელიას შეფასებით, აღნიშნული ცვლილება კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული, რადგან პროცედურას ბუღალტერი დაახლოებით იგივე დროში განახორციელებს, რაც გადასახადების დეკლარირებას სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტო 1.3 მილიონი მოქალაქის თითქმის 3 მილიარდ ლარამდე დანაზოგს მართავს.




























