მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

5f71937742219
შოთა ტყეშელაშვილი
28.09.20 11:52
2470
სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ დღეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. დოკუმენტი მოსახლოების მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესს განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ფინანსური ინსტრუმენტი, რათა მასში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება იყოს შესაძლებელი.

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს. პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა ერთი წლის და რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საბოლოო რედაქცია მხოლოდ ახლა დამტკიცდა. 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა რისკიანობის აქტივების აღწერას ეხება. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც სისტემის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელი და რისკის დონე.

2023 წლამდე საპენსიო სისტემაში არსებული ყველა დანაზოგი ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში არის ნომინირებული. სამივე რისკიანობის დონე ითვალისწინებს უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობას. კერძოდ კი, საინვესტიციო დოკუმენტით რისკიანობის დონეები ასეთია:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი (სულ მცირე 5- წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით):

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 75%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 100%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 20%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - ლიმიტი 20%-მდე.

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 50%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 75%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 20%-დან 40%-მდე;
● სხვა აქტივები - 10%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - 40%-მდე.

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 25%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 50%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 40%-დან 60%-მდე;
● სხვა აქტუვები - 10%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - 60%-მდე.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ის საფინანსო ინსტიტუტები ან საფინანსო ინსტრუმენტები, რომლებშიც მოქალაქეთა დანაზოგების ინვესტირება შეიძლება:

იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებშიც შესაძლებელია განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი და შესყიდვის დროს შეესაბამებოდეს შემდეგიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის N258/04 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულ სარეიტინგო მოთხოვნებს:

ა. რეზიდენტი პირის, ან მის მიერ გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური რეიტინგი განისაზღვრება საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე ერთი ნიშნულით დაბლა. ასეთი ფინანსური ინსტრუმენტების წონა საინვესტიციო პორტფელში არ უნდა აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 10%- ს;

ბ. არარეზიდენტი პირის მიერ გამოშვებული (მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული) ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური რეიტინგი განისაზღვრება BBB-/Baa3 ან მის ეკვივალენტურ დონეზე;

გ. ფულადი სახსრები და დეპოზიტები შეიძლება განთავსდეს მხოლოდ, სულ მცირე, A-/A3 ან ეკვივალენტური რეიტინგის მქონე არარეზიდენტ ფინანსურ ინსტიტუტში, ან საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს აქვს სულ მცირე ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი;

საპენსიო ფონდის მოცულობა და ბენეფიციართა რაოდენობა:

ამ დროისთვის სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული. 28 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 993 მილიონი ლარი არის დაგროვილი. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 100% დღეს ლარში არის ნომინირებული. ამასთან თანხის უდიდესი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 11.1%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

"საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს", - აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა დაგროვილ აქტივებს სარგებლის სახით 100 მილიონი ლარი დაერიცხა.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები