მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საიტზე სრული ინფორმაციაა თითოეულ საინვესტიციო პორტფელზე - მელიქიძე

საპენსიო სააგენტო

2023 წლის 6 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები თავად ირჩევენ, სად დააბანდონ საკუთარი საპენსიო დანაზოგი. ამას ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს.

საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 5 წლის მანძილზე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო შესაძლებელი. ახლა სქემას ემატება მაღალრისკიანი და საშუალორისკიანი ინვესტირების შესაძლებლობები.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე 4 ათასამდე ადამიანს აქვს გადაწყვეტილება მიღებული საპენსიო დანაზოგის ინვესტირებაზე. 

“სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება, თუმცა მაღალი მომართვიანობა არ არის. ამ ეტაპზე 4 ათას ადამიანამდეა და მომართვიანობა საკმაოდ მცირეა. პორტფელებში გადანაწილებას რასაც კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ოპტიმალური და სწორია. მონაწილეებიც ხვდებიან, რომ პორტფელებში გადანაწილება ასაკობრივი ზღვრის მიხედვით სწორია", - ამბობს მელიქიძე.

BMG-ის კითხვაზე რას უკავშირებს სააგენტო დაბალ აქტივობას, მელიქიძე პასუხობს, რომ მონაწილეებს ესმით რატომ გადაანაწილეს ასაკის მიხედვით, იზიარებენ ამ პოლიტიკას და ეთანხმებიან მას.

“ანუ დაბალი მომართვიანობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ინფორმირებული არ არის, არამედ იმას, რომ სწორად არის პორტფელებში გადანაწილებული და მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება ეს. კანონი ამბობს, რომ მონაწილეების საუკეთესო ინტერესები რომ იყოს დაცული იმ მონაწილეს, რომელიც 40 წლამდეა სასურველია პორტფელში ჰქონდეს ბევრი აქცია, რადგან ისინი ყველაზე კარგი ზრდის მომტანია, ხოლო ის მონაწილე, რომელიც ახლოსაა საპენსიო ასაკთან სასურველია, ნაკლები აქცია ჰქონდეს პორტფელში რომ მაღალი რისკი არ ატაროს", - ამბობს ის და დასძენს, რომ როცა ადამიანს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო დრო უნდა იყიდო გრძელვადიანი აქციები და ის გრძელვადიან სარგებელს მოიტანს.

მას შემდეგ რაც მოქალაქეები თავად ირჩევენ სად დააბანდონ საკუთარი საპენსიო დანაზოგი, სოციალურ ქსელში მომხმარებლის ნაწილი წერს, რომ საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე მუდმივად დაკავებაა, ხოლო ოფისში რიგი, რაც ართულებს პორტფელის ცვლილებას.

“პრეტენზიას ვერ გავიზიარებ, რადგან საიტზე სრული ინფორმაციაა თითოეულ საინვესტიციო პორტფელზე. ასევე არის დეტალური ინსტრუქცია. ცხელი ხაზიც საკმაოდ კარგად მუშაობს. მესმის, რომ ცხელ ხაზზე რიგებია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მონაწილეებს საკმაოდ პროაქტიურად ვაწვდით ინფორმაციას. თან იუსტიციის სახლშიც მომსახურების გაწევა ხდება. მონაწილეს თუ ტელეფონზე რიგში დგომა უწევს, ეგეც ნორმალურია. ინფორმაცია საკმარისადაა მიწოდებული და ეს ინფორმაციაც ვიდეო-ტუტორიალების სახით არის ხელმისაწვდომი. დაახლოებით 1.5 საათიანი დეტალური მიმოხილვა გვიდევს საიტზე, როგორ მუშაობს საპენსიო რეფორმა, როგორ არიან სქემის მონაწილეები დაცულნი და ა.შ. ვცდილობდით, ყველა სახის ინფორმაცია მიგვეწოდებინა არა მხოლოდ წერილობით, არამედ ვიდეოს ფორმატითაც", - ამბობს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები