მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპოლიციო გამოსახლების გაუქმება უდიდესი შეცდომა იყო - იურისტი

6468819496163
ნანუკა ნარიმანიძე
20.05.23 22:20
3291
აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. იდეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს. ახალ ინიციატივაზე გადაცემა „საქმიან დილაში“ იურისტმა გია ფოლადიშვილმა ისაუბრა.

„ეს ინიციატივა დროულია, კარგი იქნებოდა, აქამდე ყოფილიყო ასახული. ახალი ინიციატივით, პირველ რიგში სასამართლო განიტვირთება, დღეს აღსრულების პოლიციაში კადრების სიმცირეა და ათასობით საქმე არის რეგისტრირებული მსგავსი კატეგორიის, სიტუაცია უფრო გაართულა 2 წლიანმა პანდემიამ, როდესაც შეჩერებული იყო გამოსახლების პროცედურა, ამიტომ საქმეები დაგროვდა, სწორედ ამიტომ, ეს ცვლილებები სასამართლოს განტვირთავს, ასევე მესაკუთრეებს ექნებათ საშუალება სწრაფად ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე საქმეებზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ახალი რეგულაციის ფარგლებში მხარეები დაარეგისტრირებენ აღნიშნულ ხელშეკრულებას შესაბამისი ჩანაწერით იუსტიციის სამინისტროში ან საჯარო რეესტრის ბაზაზე, შესაბამისი დარღვევის შემთხვევაში პირდაპირ მიმართავენ აღსრულების ბიუროს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, გია ფოლადიშვილმა რისკებზეც ისაუბრა.

„აღსრულების ბიუროს ექნება უფლება შეაფასოს დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ბიუროს დარღვევის ფაქტის შესწავლა მოუწევს და ვფიქრობ, ამ, ნაწილში სასამართლოს ჩართულობა მაინც იქნება საჭირო და შემჭიდროებულ ვადებში არ მოხდება ამ პროცესის დასრულება. შეიძლება წარდგენილი იქნას შესაბამისი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერი ან სხვა სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ დარღვევა სახეზეა, დაინტერესებულ მხარეს მაინც რჩება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა შეჩერდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ სასამართლოში გადავდივართ, ამიტომ ამ ნაწილში ყველა პროცედურა დეტალურად და კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, რათა დაცული იყოს მესაკუთრის ინტერესი“, - განმარტა მან.

იურისტის თქმით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება დიდი შეცდომა იყო და ამან ძალიან დატვირთა სასამართლო.

„გაუქმება იყო უდიდესი შეცდომა, სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე სადაც ვართ, ათასობით დაუსრულებელი საქმე, სასამართლო უაზროდ გადატვირთული, ყველა მსგავსი დავა არის აბსოლუტურად იდენტური, სასამართლოს უწევს ხელახლა კანონმდებლობით გარანტირებული საკუთრების უფლების რევიზია, რაც ნონსენსია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და რეგიონებში ათასობით საქმეა, მესაკუთრეები დგანან რიგში და ელოდებიან როდის მოუწევთ პირველ ინსტანციაშიც კი სასამართლო სხდომის დანიშვნა, სწორედ ამიტომ იყო საპოლიციო გამოსახლების გაუქმება დიდი შეცდომა, ამასთან, მინდა აღინიშნოს ისიც, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კადრების უდიდესი დეფიციტი აქვს, თბილისში დანიშნულ გამოსახლებაზე შეიძლება რეგიონიდან დასჭირდეთ აღსრულების პოლიციელის გამოძახება დახმარების კუთხით, კარგი იქნება, თუ იუსტიციის სამინისტრო გააფორმებს მემორანდუმს შსს-სთან და დახმარების კუთხით გამოყენებული იქნეს საპოლიციო რესურსი“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები