მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას და პოლიტიკოსებს მიმართავენ

თბილისი

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე პოლიციას და პოლიტიკოსებს მათთან გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქართული საზოგადოების პროტესტი გრძელდება. დღეს აქციის მონაწილეების პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული.

მმართველი პარტიის ოფისთან მისულმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დროშები გაშალეს. ზვიად ცეცხლაძემ კი იქ მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებზე ფინანსურად არიან დამოკიდებულები, მალე საკუთარი აზრი სამსახურიდან გათავისუფლების შიშის გამო აღარ შეიკავონ და ხმამაღლა დააფიქსირონ პოზიციები.

„მინდა, პოლიციას მივმართო, რადგან ვიცით, რომ ბევრი მათგანი სამსახურზე ფინანსურადაა დამოკიდებული. ვიცით, რომ საჯარო პირებს გიწვეთ აქ ყოფნა, რომ თქვენს ოჯახში ფული შეიტანოთ, დარწმუნებული ვართ ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია და გიყვართ ახალი თაობა, რომლებიც თქვენი შვილების მომავლის დაცვას ცდილობენ. გთხოვთ, იყოთ მკაფიო თქვენს პოზიციაში. საქართველოს მომავალს თქვენ გარეშე, განცალკევებით ვერ დავიცავთ. ჩვენი მიზანი ეროვნულია და ძლიერი საქართველოს დახსნაა რუსული მარწუხებისგან. ამიტომ ჩვენ გამოვედით ინიციატივით და შევქმენით ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ ფინანსურად რომ ისინი აღარ იყვნენ მიჯაჭვული სახელმწიფოზე. მალე აღარ იქნება იმის აუცილებლობა, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგო ბრძანებები შეასრულოთ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს ოჯახებში ლუკმაპური შეიტანოთ. ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს შეეხება არამხოლოდ პოლიციას, არამედ სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულებსაც. სხვადასხვა კომპანიებთან გვაქვს კავშირი და საჯარო მოხელეების გათავისუფლების შემთხვევაში, მალევე მოხდება მათი ანაზღაურების გადახდა, ან გაიხსნება ფონდი და იმდენი ხანი გადაგიხდიან, რამდენიც იქნება საჭირო და ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა კომპანიაში დასაქმდება.

თხოვნაა, ამაზე იფიქროთ. ეს თაობა იმ იმედით იზრდებოდა, რომ პოლიცია მათ დაიცავდა. და დღეს ჩვენ როდესაც უნივერსიტეტში მივდივართ იმის გარანტია არ გვაქვს, რომ განსხვავებული აზრის გამო თავს არ დაგვესხმებიან.

გაფიცვა ერთადერთი საშუალებაა, არადესტრუქციულად, რაც შეიძლება ევროპულად და ჰუმანურად შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში რუსული რეჟიმი.

ეს ერთადერთი გზაა, როდესაც შეგვიძლია ხელისუფლებას ჰუმანურად გამოვუცხადოთ პროტესტი. საჯარო მოხელეების გაფიცვა ერთადერთი გარანტიაა“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

მან ასევე პოლიტიკოსებს მიმართა და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ვითარებაა, ახალგაზრდების მოთხოვნაა: ვხდებით, რომ თავის დროზე თქვენ ყველამ აიღეთ პასუხისმგებლობა, ახლა თქვენ ვალდებული ხართ გაერთიანდეთ და თქვენი ინტერესები ქვეყნის ინტერესების გამო დათმოთ. ასე რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას გთხოვთ, გაერთიანდეთ თქვენი პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად. კრიტიკულ მომენტში მაინც შევძლოთ ქართველებმა გაერთიანება“, - მიმართა მან პოლიტიკოსებს.

მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები