მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო აფასებს ფრანგი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ - ნათია თურნავა

თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო აფასებს საფრანგეთთან ხანგრძლივ ურთიერთობას და ფრანგი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ. მან ამის შესახებ საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების (MEDEF) დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

სებ-ის ინფორმაციით, დელეგაციაში წარმოდგენილი იყო 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნეს ჯგუფი და კომპანია, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ დელეგაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური პროგნოზებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"აღინიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული და ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეს დაუახლოვდება.

ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგომარეობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სექტორში ჯანსაღი ვითარება ნარჩუნდება. ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების გონივრულ პოლიტიკას, რის შედეგადაც რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა.

ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინტექის განვითარების მიმართულებებსაც

სებ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი",- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით, საფრანგეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 37.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა. 2022-2024 წლებში მაჩვენებელი 10-12 მლნ დოლარის ფარგლებში იყო. 2025 წლის 9 თვეში საფრანგეთიდან 4.1 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც წლის ჭრილში თითქმის 2%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები